საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, შს სამინისტროს მიერ შეძენილი BMW X6-ის მარკის ძვირადღირებული ავტომანქანა საპატრულო პოლიციას გადაეცა. ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2011 წელს, შს სამინისტრომ შეიძინა BMW X6-ის მარკის ავტომანქანა, რომლის გამოშვების თარიღია 2008 წელი, ხოლო საბალანსო ღირებულება – 99 000 ლარი.
"შინაგან საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ამგვარი ტიპის ავტომანქანით არ უნდა სარგებლობდნენ სამინისტროს მაღალჩინოსნები.
გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ავტომანქანა გადაეცა საპატრულო პოლიციას, რათა ის უშუალოდ მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დამყარებას მოემსახუროს.
ზემოხსენებული ავტომანქანა გადავიდა რიგითი საპატრულო ეკიპაჟების განკარგულებაში და განკუთვნილია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აქვე შევნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში ამ დროისთვის იმყოფება მსგავსი კატეგორიის კიდევ რამდენიმე ავტომანქანა, რომლებიც უახლოეს მომავალში ასევე საპატრულო პოლიციას გადაეცემა", _ნათქვამია განცხადებაში.