წელს, კატო მიქელაძის სახელობის პრემიის გამარჯვებული ბათუმში გახდება ცნობილი. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, გამარჯვებული 2015 წლის 12 დეკემბერს გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდება.
კატო მიქელაძის პრემია "ქალთა ფონდი საქართველოში" მიერ არის დაარსებული და ის ყოველ წელს იმართება.
ჩვენთვის ასევე ცნობილი ხდება იმ კანდიდატების სახელი და გვარი, რომლებიც პრემიაზე არიან წარდგენილი.
თამუნა ბაგრატია, მანანა მებუკე, ბაბუცა პატარაია, ლელა გაფრინდაშვილი, ელისო ამირეჯიბი, ანა არგანაშვილი, თამარ ბექაური, ხათუნა ბეჭვაია, მარინე ბჟალავა, ნათია გვიანიშვილი, ნინო ლეჟავა, თამარ მეარაყიშვილი, სედა მელკუმიანი, ქეთევანი მურუსიძე, ლია უკლება, რუსუდანი ფხაკაძე, ლია ჯაყელი
კატო მიქელაძის სახელობის პრემია, პირველად, 2013 წელს გაიცა და მისი მფლობელი ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე აღდგომელაშვილი გახდა.
კატო მიქელაძემ განათლება ევროპაში მიიღო. დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და 1916 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო. მისი თაოსნობით, 1917-1918 წლებში რეგიონალური ქსელი "ქალთა ლიგა" ჩამოყალიბდა. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთ "ხმა ქართველი ქალისა".
2013 წლის 29 ნოემბრიდან, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "ქალთა ფონდმა საქართველოში" კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური პრემია დააწესა, რათა ხაზი გაესვას იმ მემკვიდრეობას, რომელიც ქართველ ფემინისტ ქალებს და უფლებადამცველებს გააჩნიათ. 2013 წლის პრემიის მფლობელი "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" დამფუძნებელი ეკა აღდგომელაშვილი გახდა.