ახალი წლიდან მართვის მოწმობის გამოყენების წესებში ცვლილებები შედის.
"2016 წლის პირველ იანვარს ყველა მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა განურჩევლად კატეგორიისა. პირველი იანვრიდან მომდევნო წლის პირველ იანვრამდე მძღოლებს იმ ცხრილის მიხედვით, რაც წინასწარ არის დადგენილი და რომელშიც აისახება ჯარიმების შესახებ ინფორმაცია (ამაში არ იგულისხმება ვიდეოჯარიმა, არამედ საუბარია უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისთვის) დააკლდებათ ქულები ", – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე
ქულათა სისტემა ჯერ არ არის საბოლოო სახით ჩამოყალიბებული.
"სანამ ქულა ნულამდე ჩამოვა, მანამდე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გამცნობთ, რომ თქვენი ქულა მცირდება, ხოლო როდესაც ნულზე ჩამოვა, მოგივათ სმს, რომ მართვის მოწმობა გაგიუქმდებათ", – განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, პირს მოწმობის გაუქმებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეეძლება მიმართოს მომსახურების სააგენტოს, გამოცდის თავიდან ჩაბარებისა და მართვის მოწმობის ხელახლა აღების მიზნით.
მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები წლის ბოლოს ანულირდება და ყოველი წლის პირველი იანვრიდან მას კვლავ ახალი 100 ქულა მიენიჭება.