ზამთრის სეზონი გუდაურში ამ ეტაპზე არ დაწყებულა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი გუდაურის ადმინისტრაციულ ერთეულში,ზვიად ქავთარაშვილი ამბობს, რომ სეზონი ოფიციალურად 13 დეკემბერს გაიხსნება.
" ვიდრე სეზონი გაიხსნება, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ ტურისტებს მომზადებული რომ დავხვდეთ. დამსვენებლების მისარებად მზად ვართ" – გვითხრა ზვიად ქავთარაშვილმა.
გუდაურის გამგებელმა ჯერ არ იცის, დაესწრება თუ არა სეზონის გახსნას პრემიერ-მინისტრი.
"არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. სამთავრობო გუნდი დაესწრება თუ არა. 13 დეკემბერს ასევე სეზონი იხსნება ბაკურიანში." თქვა ჩვენთან საუბრის დროს ქავთარაშვილმა.
გუდაურში ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემებზე ნაკლებად საუბრობს. იქ მცხოვრები კოლია სეთურიძე ამბობს, რომ პრობლემები ნაკლებად აწუხებს.
" გუდაურში რა უნდა პრობლემებს? ყველაფერი კარგად არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა უნდა პრობლემებს… მთავარია თოვლი მოვიდეს და პრობლემა მოგვარებულია. ზამთარში უამრავი ხალხი და ტურისტი ჩამოდის. დასაქმებულები ვართ, ზოგი სასტუმროშია დასაქმებული, ზოგი ვაჭრობს და ზოგს კიდევ თავისი ბიზნესი აქვს." – ამბობს სეთურიძე.
ნანი ჯაღმაიძე სასტუმრო "მარკო პოლოში" არის დასაქმებული:
" მე მარკო პოლოში ვმუშაობ. კარგად ვართ, პურის ფული გვაქვს. მცირედი პრობლემები გვაქვს, მაგრამ ისეთი არაფერი. ერთი სურვილი გვაქვს, რომ ყველა დასაქმებული და ბედნიერი იყოს." – თქვა ნანი ჯაღმაიძემ.
კახელი ფერმერი დავით მთივლიშვილი მეუღლესთან ერთად სხვადასხვა პროდუქტს ყიდის გუდაურში.
" სახლში გვაქვს მეურნეობა, მოგვყავს საზამთრო, ნესვი, კარტოფილი, ბადრიჯანი, სტაფილო, პომიდორი, კიტრი, გვაქვს ვენახი. მოკლედ ჩემი მეუღლე და შვილები სოფლის მეურნეობაში ვართ ჩართული. პენსია არ გვყოფნის და გადაწყვიტეთ ჩვენს მიერ მოყვანილი პროდუქტი გავყიდოთ და ამით დამატებით შემოსავალი მივიღოთ. კარგი იქნება, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს სოფლის მეურნეობას, რომ ადგილობრივმა ფერმერებმა მეტი კარგი საქმე ვაკეთოთ." – გვითხრა დავით მთივლიშვილმა.
ანა ბურდული გუდაურში ცხოვრობს. ის სკოლის მოსწავლეა. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ სასტუმროში მუშაობს. გაკვეთილებს ღამის საათებში სწავლობს.
"მე პირად სოფელ მლეთაში ვსწავლობ. თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ მეგობრებთან ერთად დროის გატარებას. უფრო მეტად ახალგაზრდები ველოსიპედით ერთობიან, თამაშობენ ფეხბურთს, ფრენბურთს, კალათბურთს და რის საშუალებაც არის, ისე ვერთობით." – გვითხრა ანა ბურდულმა.
ქავთარაშვილის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა არა მხოლოდ სეზონზე, სეზონის შემდეგაც არის დასაქმებული.
" მარტო საკურორტო სეზონზე არ არიან დასაქმებული გუდაურში მცხოვრებლები. სეზონზე ახლომდებარე სოფლებიდან მოდის ხალხი და საქმდებიან. ვისაც მუშაობა არ ეზარება, ყველა მუშაობს.
გუდაურში არ არის საბავშვო ბაღის შენობა და ამ პრობლემის მოგვარება უკვე დაწყებულია. 2016 წლიდან დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ასევე დაგეგმილია სპორტსკოლების გახსნა და ესეც ძალიან მალე იქნება. ვცდილობთ, რომ ყველა პრობლემა, რომელიც შეიძლება მოგვარდეს, დროულად მოვაგვაროთ." – თქვა ქავთარაშვილმა.
მისი თქმით, ახლა გუდაურში თოვლის საფარი 60-70 სანტიმეტრს აღწევს.