სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და რუსთაველის თეატრი N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული ქალბატონების და რუსთაველის თეატრის მსახიობის გიორგი ზანგურის მონაწილეობით, მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, 13:00 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლს – "ჩემი მძევალი ანგელოზები" გამართავენ.
ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე; პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი; მთავრობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები; უფლებადამცველები; სახალხო დამცველი; მსჯავრდებულები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები დაესწრებიან.
მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალურად შერჩეულ ჯგუფთან 4 თვის განმავლობაში შემოქმედებითი ჯგუფი – თეატრის რეჟისორი, კინორეჟისორი, დრამატურგი და ფსიქოლოგი მუშაობდნენ. შეხვედრების დროს გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით, მსჯავრდებული ქალბატონებისთვის პიესა დაიწერა. პიესის ავტორია ქეთევან პატარაია, დამდგმელი რეჟისორი მანანა კვირკველია. სპექტაკლის შინაარსის მიხედვით, დამნაშავე, რომელიც ბანკის ძარცვის მიზნით მძევლად აიყვანს 8 ქალბატონს და იარაღით ემუქრება, მათი ცხოვრებისეული ეპიზოდების მოსმენის შემდეგ მთლიანად იცვლება. ქალბატონებს თავადაც უზიარებს საკუთარ პრობლემებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მძევლებს ათავისუფლებს. სპექტაკლში შვიდი მსჯავრდებული და ერთი ყოფილი მსჯავრდებული ქალბატონი მონაწილეობს.
სპექტაკლის პარალელურად, თეატრის ფოიეში მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება 70-მდე ექსპონატი.
მსჯავრდებულთა მონაწილეობით სპექტაკლის პენიტენციური დაწესებულების გარეთ დადგმა უპრეცედენტო შემთხვევაა. მსჯავრდებულებს, რომლებსაც წლების განმავლობაში არ დაუტოვებიათ დაწესებულება, საშუალება მიეცათ რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ითამაშონ. აღსანიშნავია ისიც, რომ სპექტაკლის მაყურებელთა შორის 80-მდე მსჯავრდებულიც იქნება. აღნიშნული ღონისძიება მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის კუთხით უმნიშვნელოვანესია. რესოციალიზაციაზე და გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულთა საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად დაბრუნებაზე ზრუნვა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
(R)