ხულოს მთებში დიდთოვლობის გამო 10 ადამიანი ორი დღის განმავლობაში იყო ჩარჩენილი. ისინი ზოტიყელში სტიქიის დროს დანგრეული სახლების შესაკეთებლად იყვნენ წასულები, თუმცა, ძლიერი თოვის და ქარბუქის გამო უკან დაბრუნება ვერ მოახერხეს.
უამინდობის გამო მთებში სამაშველო ოპერაციის ჩატარებაც ვერ მოხერხდა:
_ ხულოდან იყვნენ გადმოსულები ზოტიყელში. წუხელ ცდილობდნენ, რომ სამაშველო ოპერაცია ზოტიდან განეხორციელებინათ, თუმცა, ხილვადობა არ იყო და ვერტმფრენი ვერ გაფრინდა.
ცოტა ხნის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ 10 მათგანი უვნებლად დაბრუნდა ღორჯომში, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის გამგებელმა რაულ კონცელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სოფელი ზოტიყელი ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ღორჯომის ხეობაში მდებარეობს და ხულოს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. სოფელს, ერთი მხრივ გოდერძის უღელტეხილი, მეორე მხარეს კი ბახმარო ესაზღვრება.
სოფელში 220 კომლი, აჭარელი მოსახლეობა ცხოვრობს, თუმცა რამდენიმე თვით… ეს ადგილი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იალაღია.
აქ ცხოვრება მაისის ბოლოდან იწყება და ოქტომბრის დასაწყისამდე გრძელდება…