რუსულმა ტელეარხმა „Lifenews“-მა აზერბაიჯანული მედიის და ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია. რუსული ტელეარხის სიუჟეტში „Топливо из Азербайджана“ სამხრეთ კავკასიური ქვეყნის ტერიტორია შემცირებულად იყო წარმოდგენილი, რაც აზერბაიჯანელთა პროტესტის მიზეზი გახდა.
წარმოდგენილ სიუჟეტში აზერბაჯანის მხრიდან თურქეთისთვის გაზის მიწოდებაზე იყო საუბარი. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სიუჟეტის ამ მონაკვეთში წარმოდგენილ აზერბაიჯანის რუკაზე სომხური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია აზერბაიჯანის შემადგენლობაში საერთოდ არ იყო ნაჩვენები.
„აზერბაიჯანის საელჩო რუსეთში ამ საკითხს იკვლევს და აუცილებელ ზომებსაც მიიღებს. საერთაშორისო დონეზე აღიარებული აზერბაიჯანის საზღვრების დამახინჯება ჩვენგან კატეგორიულად იგმობა. ეს პირველ რიგში საერთაშორისო სამართლისადმი ტელეარხის უპატივცემულობის დემონსტრირებას ახდენს“ – ეს კომენტარი Oxu.Az-თან აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ჰიქმეთ გაჯიევმა გააკეთა.
ჰიქმეთ გაჯიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან მიმართებაში ტელეარხი Lifenews-ი დამახინჯებული და წინასწარ აკვიატებული პოზიციით ადრეც გამოირჩეოდა.
„ეს უთუოდ ტელეარხის ხელმძღვანელობაში მყოფი პირების პირადი პოზიციის და სომხური ლობის გავლენის შედეგია“ – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
„მაგრამ სხვა მხრივ თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ არხის ხელმძღვანელი სომეხი არამ გაბრელიანოვია , LifeNews -ის მოქმედებაში საკვირველი არაფერია“ – აღნიშნავს აზერბაიჯანული სააგენტო.
P.S. ზემოთხსენებული სიუჟეტის ხილვა ამ ბმულზე შეგიძლიათ: www.youtube.com/watch?v=g4NkGj-AKAI