ქალაქ ოზურგეთში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ბეგლარ სიორიძემ ქალაქის ყველა უბანში მიმდინარე სამუშაოები პირადად მოინახულა. დასასრულს უახლოვდება მდინარე შკვარა-შკურაზე გაბიონის მოწყობის სამუშაოები, რომელიც თაყაიშვილის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემას მდინარის ადიდებასა და ნაპირიდან გადმოსვლასთან დაკავშირებით საბოლოოდ გადაჭრის. ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს გზების ორმული შეკეთება. სამუშაოები იმ ქუჩებზე ხორციელდება, სადაც 2015 წელს გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ვერ მოხერხდა.
აღნიშნულ ქუჩებზე მოქალაქეთა უსაფრთხო მგზავრობის მიზნით დაზიანებული მონაკვეთები შეკეთდება, ხოლო სრული რეაბილიტაციის პროცესს ქალაქის მერია უკვე მომავალ წელს დაიწყებს. ''წელს გზის რეაბილიტაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ. დავაგეთ საკმაოდ ბევრი ქუჩა, თუმცა ქალაქში ჯერ კიდევ გვაქვს ამორტიზებული გზები, რომელთა დაგებაც მომავალი წლისთვის დავგეგმეთ. მინდა, ჩემი მერობის პერიოდის დასრულებამდე ყველა ქუჩა, როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე გარეუბანში, მოწესრიგებული და ხარისხიანად რეაბილიტირებული იყოს. სწორედ ხარისხია ის მიზანი, რის გამოც ქალაქში მიმდინარე ყველა სამუშაოს პირადად ვეცნობი. ბიუჯეტი, რომელიც მოქალაქეთა თანხით დგება, უხარისხო სამუშაოებზე არ უნდა დაიხარჯოს.'' – განაცხადა ბეგლარ სიორიძემ სამუშაოების გაცნობისას.
(R)