იმ ფონზე, როცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი განხილვის სტადიაშია, საკრებულოს წევრთა ნაწილი კვლავაც ეჭვქვეშ აყენებს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებას.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის როლანდ ლაშხიას ვარაუდითა და გათვლებით, წლის ბოლომდე დარჩენილ მოკლე დროში შესრულების მაჩვენებელი სავარაუდოდ 86% იქნება.
ბიუროს სხდომაზე ლაშხიამ განმარტა, თუ რა ცვლილებებია განსახორციელებელი მიმდინარე ბიუჯეტში, რომელსაც 25 დეკემბრისთვის ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე უნდა ეყაროს კენჭი. კერძოდ, ბიუჯეტში უნდა აისახოს ის 350 ათასი ლარი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ სტიქიის სალიკვიდაციოდ ჩამოირიცხა. გარდა ამისა, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ინფორმაციის მიხედვით, ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილება ხარჯვით ნაწილში სეკვესტრსაც ითვალისწინებს.
"დარჩენილ პერიოდში გამოიკვეთა, რომ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილი 150- 170 ათასი ლარით შემცირდება. დღევანდელი მონაცემით შემოსავლის ნაწილში ორი მილიონ 22 ათასი ლარია მობილიზებული, ასევე მოსალოდნელია 70 ათასი ლარის ჩამორიცხვაც. აი, ასეთი მდგომარეობაა დარჩენილ დროში ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით",_ განაცხადა ლაშხიამ.
საკრებულოს წევრი რომან ბიწაძე ერთადერთი დეპუტატია უმრავლესობიდან, რომელმაც თავის დროზე მხარი არ დაუჭირა 2015 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტს. იგი ახლაც სკეპტიკურადა უყურებს ბიუჯეტის შესრულებას და ვარაუდობს, რომ ა(ა)იპ-ებში წლის ბოლოს ხელფასები გაუცემელი დარჩება.
"მაინტერესებს ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, როცა ზედმეტი ტვირთი ავკიდეთ და გავწირეთ ბიუჯეტი ჩასავარდნად. ეს ბიუჯეტი რომ არ შესრულდებოდა, ამაზე ჯერ კიდევ გასულ წელს, პროექტის განხილვისას ვამბობდი. ამასთან დაკავშირებით გარკვეული პასუხისმგებლობა საკრებულოსაც გაგვაჩნია და მთლად ხელს აღმასრულებელი რგოლისკენ ნუ გავიშვერთ. აგვისტოში ყოვლად დაუსაბუთებელი ზრდა მოვახდინეთ, ისედაც ნოდარ დუმბაძის "ფაქიზოს" დამსგავსებულ ბიუჯეტს დამატებით 700 ათასი ლარი ავკიდეთ. ახლა კი მივდივართ სეკვესტრზე. რატომღაც ამ სიტყვის ხსენება არ გვინდა და ვამბობთ, ხარჯვითი ნაწილის შემცირებაო. მითხარით, ბოლოს როდის განიცადა ბიუჯეტმა სეკვესტრი ?! მაინტერესებს, ვგრძნობთ კი საკრებულოს წევრები ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ამასთან დაკავშირებით?! ბიუჯეტის გავარდნას ლანჩხუთის "გურიას" გავარდნა არ ჯობია?! თუ ბიუჯეტი ვერ შესრულდა, ა(ა) იპ-ები წლის ბოლოს ხელფასს როგორ მიიღებენ?!"- კითხვები დასვა ბიწაძემ.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ალექსანდრე სარიშვილის თქმით, კი მიმდინარე წლის ბიუჯეტი გადაჭარბებითაც კი შესრულდებოდა, რომ არა ის 700 ათას ლარიანი მატება, რომელიც აგვისტოს თვეში განხორციელდა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" დასაფინანსებლად.
ფრაქცია "ქართული ოცნება- კონსერვატორების" თავმჯდომარე ალექსანდრე მახათაძის აზრით , ბიუჯეტის შესრულება მანამ იქნება პრობლემური, სანამ მასზე დამოკიდებული იქნება საფეხბურთო კლუბის დაფინანსება.
"მომავალ წელსაც იგივე განმეორდება, საფეხბურთო კლუბი ისევ შემოვა თანხის მატების მოთხოვნით", _ დასძინა მახათაძემ.
"ფაქტია, რომ 2015 წლის ბიუჯეტი არ სრულდება. გამგეობა საკრებულოში 170 ათასი ლარის ხარჯვითი ნაწილის შემცირებით შემოვიდა, ამას სეკვესტრი ქვია. ეს ტერმინი კი 2000 წლის მერე არ მსმენია"- ამბობს ბიუროს წევრი დეპუტატი ელგუჯა ჩხაიძე.
გარდა ბიუროს წევრებისა, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებას ეჭვქვეშ აყენებს საკრებულოს სხვა რიგითი დეპუტატებიც, რომელთა აზრით, ყველაფრის მიზეზი ბიუჯეტის არასწორად დაგეგმვაა.
საკრებულოს წევრის, გია გოგუაძის თქმით, "ეს არის გაუგონარი ბიუჯეტი, რომელიც ჯარიმებზეა დამოკიდებული. ჩვენი ბიუჯეტი შეიძლება გათვალო მხოლოდ მილიონნახევრაზე, პრაქტიკულად მეტი ადგილობრივი შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს, რომელიც ქონებასა და ბუნებრივ რესურსებზეა ორიენტირებული".
მისივე კოლეგა ნონა მურვანიძე კი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის შესრულება მხოლოდ "საუკეთესო ოცნებაა".
"ეს ძალიან პრობლემურად აისახება მთელ რიგ სამსახურებზე. მარტივად რომ ვთქვათ, ეს გამოიწვევს ხელფასების მიუღებლობასაც და სამსახურეობრივი ფუნქციების შესრულების შეფერხებასაც", _ ამბობს მურვანიძე.