ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში 82 წლის მარტოხელა მოხუცი დინა ლომინაძე ცხოვრობს. მას სახლი რამდენიმე წლის წინ სტიქიამ დაუნგრია, ახლა კი იმდენად კატასტროფულ მდგომარეობაშია, რომ იქ გაჩერება ფაქტიურად შეუძლებელია. ჭერი დანგრეულია, უკანა კედლები ჩამონგრეული, კიბე ავარიულ მდგომარეობაში, იატაკი აყრილია. დინა ლომინაძე რამდენიმე ხანია უკვე ხან ერთ მეზობელთან ათევს, ხან მეორესთან, ახლა კი 82 წლის მოხუცი მთელი ზამთარი ერთ-ერთმა მეზობელმა უნდა შეიფაროს.
ქალბატონი დიანას გასაჭირის შესახებ "გურია ნიუსს" ინფორმაცია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მოსწრეს.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, დინა ლომინაძეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში უსახლკაროთა თავშესაფარში გადასვლა სთხოვეს, რაზეც 82 წლის მოხუცს უარი განუცხადებია.
"მარტოხელა ვარ, არავინ არ ცხოვრობს ჩემთან. ორი ვაჟი მყავდა, ერთ ავარიით დამეღუპა, მას შვილიც გარდაეცვალა. ძალიან გაწამებული ქალი ვარ. ვერ დავტოვებ სახლ -კარს, არ შემიძლია ჩემი სახლიდან მოშორებით ცხოვრება. რომ წამიყვანონ, მაშინვე მოვკვდები. რომ ვიცოდე რომ დილამდე ვერ გავაღწევ, მაინც ვერ წავალ. აქ თუ ცუდად შევიქნები, მეზობელი წყალს მაინც დამალევინებს, მეორე მეზობელი პურს მომაწოდეს, მესამე ღამეს გამათევინებს. იქ, ასე მოშორებით არავის ვიცნობ და მარტოობაში ამომხდება სული. მესამე წელია ასეთ მდგომარეობაში ვარ, განცხადებები შეტანილი მაქვს ყველგან. არცერთი ხელისუფლება არ დამეხმარა. ახლა მეზობელმა შემიფარა, მთელი ზამთარი ჩვენთან იყავიო. მანამდე ხან ერთ მეზობელთან ვიყავი, ხან მეორესთან. სულ ჩამონგრეულია კედლები. უცნობ ხალხში რა უნდა ვქნა? მაშინვე მოვკვდები!
ასჯერ მივედი სოფლის გამგეობაში, მაგრამ უშედეგოდ. ნახეთ, დაათვალიერეთ ჩემი სახლი, ასე ნანგრევებში თუ შეიძლება ცხოვრება, მაწვიმს, მათოვს, ჭერი ჩამონგრეულია, იატაკი აყრილი, მარტო პენსია მაქვს და სოციალური დახმარებაც, მაგრამ წამლებში არ მყოფნის, უწამლოდ ხომ ვერ ვიქნები? არ მინდა სიკვდილი ჯერ და რა ვქნა? "_ ამბობს "გურია ნიუსთან" 82 წლის მარტოხელა მოხუცი დინა ლომინაძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ცხემლისხიდში დავით ჭანუყვაძე პირობას დებს, რომ მარტოხელა მოხუცს დახმარებას აუცილებლად გაუწევს, თუმცა როდის, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს:
"როდის მოუგვარდება პრობლემები, ვერ გეტყვით, მაგრამ ის არის დასახმარებელთა სიაში, როგორც კი საშუალება გამოჩნდება, მაშინვე გავუწევთ დახმარებას. " -გვითხრა გამგებლის წარმომადგენელმა.
ჭანუყვაძის თქმით, დინა ლომინაძეს სამშენებლო მასალებით დაეხმარებიან.
"სახლი ნამდვილად ავარიულ მდგომარეობაშია. შევთავაზეთ ამ ქალბატონს რომ შეგვეტანა საბუთები გამგეობაში და გადასულიყო საცხოვრებლად სოფელ მერიის თავშესაფარში, თუმცა იქ ცხოვრებაზე უარი განაცხადა, ამიტომ, როგორც კი გამოჩნდება საშულება, მაშინვე დავეხმარებით."- ამბობს ჭანუყვაძე.





































































