საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას, ჯანდაცვის მიმართულებით მთავრობის მიღწევებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკური თავისუფლებისა და სტაბილურობის განმტკიცებასთან ერთად უმთავრეს ამოცანად ადამიანების უმძიმესი სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება დაისახა.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ამ მხრივ მთავრობის სამწლიანი შრომის არაერთი შედეგიდან საკვანძო მნიშვნელობისაა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რომელსაც არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები, არამედ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და USAID-ის კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს ამ რეფორმის წარმატებას.
"ჯანდაცვის სისტემის არსებითი გარდაქმნით მედიცინა ბიზნესიდან – საზოგადოებრივ სიკეთედ იქცა. კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლისას ჯანდაცვის ხარჯები შეადგენდა მილიარდ რვაას მილიონ ლარს. 2016 წელს იგი 3 მილიარდს გადააჭარბებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა: გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების 1 233 000-ზე მეტი შემთხვევა, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების 408 000-ზე მეტი შემთხვევა, 182 ათასზე მეტი გეგმური ოპერაცია, 6 ათასზე მეტი კარდიოქირურგიული შემთხვევა, 113 ათასზე მეტი ფიზიოლოგიური მშობიარობა და საკეისრო კვეთა, 76 ათასო მეტი ქიმიო-, ჰორმონო- და სხივური თერაპია", _განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ გარდა საყოველთაო ჯანდაცვისა, ეს სახსრები მრავალ პროგრამას ხმარდება.
"გავზარდეთ სახელმწიფო დაფინანსება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისთვის, რამაც საგრძნობლად შეამცირა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა. სოფლებში, სადაც არასოდეს ჰყოლიათ არც ექიმი და არც სასწრაფო, დღეს სასწრაფო დახმარების მანქანები დგას. ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს ამბულატორიები. გავზარდეთ სოფლის მედპერსონალის ხელფასი.
ეს ფული ხმარდება მაღალმთიანი რეგიონების კლინიკების გამოსყიდვას, სოფლის ამბულატორიების მშენებლობასა და აღჭურვას", _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოს აქცევს მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ქვეყნად, სადაც მოსახლეობა სრულად გათავისუფლდება ამ სენისგან. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთო 6000-ზე მეტი პაციენტი და კურსი დაასრულა 1720-მა პირმა, პაციენტების 90%-ზე მეტმა კი დაამარცხა ჰეპატიტის ვირუსი. პრემიერის ვარაუდით, ეს პროგრამა 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

































































