"გურია ნიუსისთვის" სანდო წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დღეს დატოვებს.
რას ფიქრობს თბილისის მოსახლეობა პრემიერის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ და მათი აზრით, რისგან შეიძლება იყოს ეს გამოწვეული? – "გურია ნიუსმა" მოქალაქეები გამოკითხა.
28 წლის ნუნუ ღვინიაშვილის თქმით, შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი სინდისმა შეაწუხა და გადადგომის გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.
"პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ პირველად მესმის. მართალია სამთავრობო გუნდს შეცდომები აქვს, მაგრამ იქნებ გამოასწორონ. თუმცა ღარიბაშვილი კახელია და შესაძლოა სინდისმა შეაწუხა, რადგან ბევრი დაპირების შესრულება ვერ შეძლეს,"_ამბობს ღვინიაშვილი.
39 წლის თემურ ესიაშვილი აზრით, პრემიერ-მინისტრი არ უნდა გადადგეს.
"პრემიერ-მინისტრის გადადგომას მიზანშეწონილად არ ვთვლი. პოლიტიკაში საერთოდ ვერ ვერკვევი და ვერ ვიტყვი თუ რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება."_ ამბობს ესიაშვილი.
თუმცა ესიაშვილიგან განსხვავებული მოსაზრება აქვს 47 წლის ზურაბ ლეკიშვილს.
"არვიცი რატომ მიიღო პრემიერ-მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება, მაგრამ შესაძლოა უსაქმოდ ყოფნამ აიძულა. ვთვლი, რომ უნდა გადადგეს, რადგან ვერ გამოავლინა მთავრობამ ის უნარი, რაც ხალხს სჭირდება,"_ ამბობს 47 წლის ზურაბ ლეკიშვილი.
59 წლის ია სანუკვაძის თქმით, საბჭოთა კავშირის ცხოვრების დონე დღევანდელ ცხოვრებას სჯობს და მნიშვნელობა არ აქვს ვინ დატოვებს თანამდებობას და ვინ შეინარჩუნებს პოსტს.
"პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ პირველად მესმის. ამ არეულ დროში კიდევ ახალი ორომტრიალი წარმოიქმნება, რაც არ არის საჭირო. ძალიან ცუდი სისტემაა, მაგრამ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არსებული კაპიტალისტური ყოფის სისტემაა მახინჯი. ასეთი მოუწესრიგებელი სისტემა საბჭოთა კავშირში არ იყო. სამედიცინო და ბიზნეს რეფორმებმა ვერ გაამართლა. აფთიაქში რომ შევდივარ, ვფიქრობ, რომელი წამალი ვიყიდო ისეთი ფასები აქვს, თან თუ დიაბეტი მაქვს და სპეციალური წამალი მჭირდება, როგორ შეიძლება კიდევ ახალი რეცეპტი მჭირდებოდეს წამლის შესაძენად. დღეს სუპერეგო ხელს უძლის ადამიანს ცხოვრებაში,"_ამბობს ია სანუკვაძე.
როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი საგანგებო განცხადებას 20:00 საათზე გააკეთებს. აღსანიშნავია ისიც, რომ განცხადების გაკეთების დრო უკვე რამდენჯერმე შეიცვალა. ღარიბაშვილის გადაწყვეტილების შესახებ კომენტარებს მინისტრთა კაბინეტის წევრების უმრავლესობა არ აკეთებს. დანარჩენების მტკიცებით კი, მათ ასეთი ინფორმაცია არ აქვთ.





































































