ოზურგეთის აგრარულ ბაზარში წინასაახალწლო ხალხმრავლობაა. წელს, შარშანდელთან შედარებით, როგორ უჩვეულოდაც უნდა მოგეჩვენოთ, ფასები უფრო მაღალი არ არის და პირიქით, ზოგ პროდუქტზე უფრო დაბალიცაა.
ერთი კილოგრამი ხორცი ისევ 11-12 ლარი ღირს, ცოცხალი ქათამი კი, საშუალოდ 15 -17 ლარი. ინდაურის ფასი 25 ლარიდან იწყება და სიდიდის მიხედვით, 35 ლარსაც აფასებენ. ერთი კილოგრამი ყველის ფასი 9 ლარია. თითქმის, შარშანდელ ფასთან შედარებით, განახევრებულია ცოცხალი გოჭის ფასი – კილოგრამი 5 ლარი ღირს.
რაც შეეხება ხილსა და მწვანილს, კილოგრამ ციტრუსოვანთა ფასი 60 თეთრიდან ლარამდე მერყეობს. ხოლო ბოსტნეულის: კარტოფილის, სტაფილოსა და ჭარხლის ფასი ლარიდან ლარნახევრამდეა. ერთი კილოგრამი კომბოსტო 60 თეთრი ღირს. მწვანილეულის – ოხრახუშის, მწვანე ხახვის და წიწმატის მოზრდილი შეკვრა ერთი ლარი. ბოლო ადგილზეა ქინძი – საშუალო შეკვრა 50 თეთრი ღირს, ზოგან ლარად სამ შეკვრასაც მოგყიდიან.

































































