ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მხიარულთა და საზრიანთა კლუბების შემოდგომა-ზამთრის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.
ერთმანეთს სოფელ ქვემო ნატანების გუნდი „კრიმანჭულა,“ ურეკის „ელანძე“ და ძიმითის „კათიონი“ დაუპირისპირდნენ.
ჟიურიმ გამარჯვებულის სტატუსი ნატანების გუნდს _ „კრიმანჭულას“ მიანიჭა.
მხიარულთა და საზრიანთა კლუბების კონკურს-ფესტივალის ფინალურ შეხვედრაზე სამი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდებს სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცათ, დაჯილდოვდნენ ფესტივალის ნომინანტებიც.
კონკურსის სამივე ფინალისტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის გადაწყვეტილებით ექსკურსიაზე გაემგზავრება.
ჩემპიონატი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური და ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ კულტურის განყოფილების ორგანიზებით ტარდება.
_ ჩემპიონატის მიზანი მოზარდთა და ახალგაზრდების გააქტიურება, მათი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და მხიარულთა და საზრიანთა თამაშების პოპულარიზაციაა, _ აღნიშნავენ ორგანიზატორები.