ბორის ნემცოვის ოჯახის ადვოკატი ვადიმ პროხოროვი საგამოძიებო კომიტეტის განცხადებას არ ეთანხმება, რომელშიც პოლიტიკოსის მკვლელობის შემკვეთია დასახელებული.
ორშაბათს, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ნემცოვის მკვლელობის შემკვეთი დაასახელა. გამოძიების თანახმად, ის კადიროვის ბატალიონის „სევერ“-ის ექს-ოფიცერი რუსლან მუხუდინოვი გახლავთ.
„მუხუდინოვი ერთ-ერთი ორგანიზატორია, ამასთან ის ყველაზე დაბალი რგოლია. ის რუსლან გერემეევის მძღოლი იყო, მას არც პირადი მოტივი და არც მკვლელობის ორგანიზებისთვის საჭირო ფინანსები არ გააჩნდა. მძღოლის მკვლელობის შემკვეთად დასახელება იგივეა, რაც მკვლელობის შემკვეთად მატარებლის მეისრე დაასახელო“ – განუცხადა ნემცოვების ადვოკატმა საააგენტო „რია ნოვოსტის“.
პროხოროვი ადრე გამოძიებისგან „სევერის“ სხვა ოფიცერის – რუსლან გერემეევისთვის ბრალის წაყენებასაც ითხოვდა, რომლის ადგილსამყოფელიც გამოძიებამ ვერ დაადგინა.
რუსი სამართალდამცავების მონაცემებით, მუხუდინოვმა ყალბი პასპორტის საშუალებით რუსეთი დატოვა და ამჟამად არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმყოფება. გამოძიება ირწმუნება, რომ დანაშაულში მისი მონაწილეობა ექსპერტიზის და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება. მუხუდინოვს დაუსწრებლად მიესაჯა პატიმრობა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved