"მე ვერ ვხედავ და არ ვიცი ისეთი პრობლემები, რომელსაც ღარიბაშვილმა თავი ვერ გაართვა," _ ასე შეაფასა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, მისი თანაგუდნელი და ასევე ყოფილი პრემიერი.
_ გავიხსენოთ, როგორი გუნდი მოვედით. ირაკლი ღარიბაშვილი დასაწყისში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ასევე გავიხსენოთ ის რეალობა, რომელიც მივიღეთ. მძიმე სამინისტრო მიიღო ირაკლიმ და მე ვფიქრობ, ძალიან წარმატებით გაართვა თავი.
კარგი პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. პროცესში მე და გუნდის წევრები, რომლებსაც არ გვქონდა პოლიტიკური გამოცდილება, გავიზარდეთ. ირაკლიც საკმაოდ გაიზარდა და ის წავიდა თავისი წარმატებების ზენიტში და პიკზე.
ისევე, როგორც მე, როგორც პოლიტიკოსმა, მოვახერხე ის, რაც მოვახერხე გუნდთან ერთად. ასევე ირაკლი ღარიბაშვილმა იმოღვაწა ჩემი აზრით ძალიან წარმატებულად, _ განაცხადა ივანიშვილმა გადაცემა 20/30-ის პირდაპირ ეთერში.
მისივე თქმით ირაკლი ღარიბაშვილი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გადადგა.
"ცდილობენ ოპონენტები, რომ ეს მე მომაწერონ – ეს ასე არ არის. მე მქონდა რჩევები ადრეც, ამ დროსაც და მომავალშიც მექნება. თუმცა რჩევები რჩევებად რჩებოდა.. გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა. ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. რჩევები და კონსულტაციები ძალიან ბევრ თემაზე გვქონდა, თუმცა ირაკლი ისე აკეთებდა, როგორც საჭიროდ თვლიდა და მე არანაირი ბერკეტი არ გამაჩნდა", _ განაცხადა ივანივშილმა.
ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილმა გადაწყვეტილების მიღება "ცოტა იჩქარა":
_ "რაც შეეხება გუნდს, გუნდის ძალიან ბევრი წევრი იყო დაბნეული, რამეთუ არ იყვნენ ინფორმირებული. მე და ირაკლის გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით და გვქონდა ერთნაირი შეხედულებები. ჩვენ დროსთან დაკავშირებით ვიყავით განსხვავებულ პოზიციაზე. ირაკლიმ იჩქარა ბოლო დროს, შეიძლებოდა ეს უფრო გვიანაც მომხდარიყო და შესაბამისად ვერ მოხდა ინფორმირება გუნდის ყველა წევრის", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.