პროექტ "მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ", რომლის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესისა და დასავლური ღირებულებების შესახებ, მორიგ კვლევას აქვეყნებს, რომელიც 12 მიზეზს განმარტავს თუ რატომ #NoToGazprom
"1. გაზპრომის გაზი აზერბაიჯანულზე უფრო ძვირია. აზერბაიჯანს გაზის წარმოება და საქართველომდე მოტანა დაახლოებით ორჯერ უფრო იაფი უჯდება, ვიდრე გაზპრომს. გაზპრომს გაზის მოპოვება ციმბირში გაცილებით უფრო რთულ პირობებში უხდება, ვიდრეSOCAR-ს და BP-ს აზერბაიჯანში. ამავე დროს, გაზპრომის გაზი გაცილებით უფრო შორიდან მოდის ვიდრე აზერბაიჯანული.
US$/ათას კუბურ მეტრზე (მ3) |
გაზპრომი |
აზერბაიჯანი |
გაზის წარმოების ხარჯი |
48 |
35 |
გაზის ტრანსპორტირების ხარჯი |
50-60 |
10-15 |
ჯამი* |
100 |
50 |
*გაზის თვითღირებულებაში სხვა კომპონენტებიც შედის, მაგრამ წარმოების და ტრანსპორტირების ხარჯები ყველაზე მნიშვნელოვანია.
ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, უკეთესს ფასს მივაღწიოთ აზერბაიჯანთან, ვიდრე გაზპრომთან. გაზპრომმა მნიშვნელოვნადაც რომ დაგვიკლოს დღეს ფასი (იმისთვის რომ ‘ანკესზე წამოგვაგოს’), ხვალ მაინც მოუწევს ფასის გაზრდა. აზერბაიჯანს ყოველთვის ექნება საშუალება, გაზპრომთან შედარებით დაბალ ფასში მოგვყიდოს გაზი.
2. გაზპრომი არასაიმედო მომწოდებელია, აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდება კი სტაბილური და საიმედოა. გაზპრომიდან გაზის მოწოდებას დიდი რისკები ახლავს. გაზპრომმა ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმეჯერ შეგვიწყვიტა გაზის მოწოდება შუა ზამთარში, ყოველგვარი საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე. ასევე ბევრჯერ შეუწყვიტა გაზპრომმა გაზის მიწოდება უკრაინას, აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას და ბალტიისპირეთს. აზერბაიჯანი გამართულად და საიმედოდ გვამარაგებს გაზით, რასაც ამ ქვეყნიდან გაზით მომარაგების რისკები ფაქტიურად ნულამდე დაჰყავს.
3. გაზპრომისგან მიღებული გაზის მოცულობების გაზრდით დივერსიფიკაციის ეფექტს ვერ მივაღწევთ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ,რომ გაზპრომის დაბრუნებით გაზის მომწოდებლად საქართველო დივერსიფიკაციას მიაღწევს. დივერსიფიკაცია გულისხმობს, რომ მომარაგება არა მარტო აზერბაიჯანიდან მოხდეს, არამედ რუსეთიდანაც. თუ გაზპრომოდან გაზის ყიდვა დივერსიფიკაციისთვის ხდება, მაშინ აზერბაიჯანული გაზის რაღაც ნაწილი უნდა ჩანაცვლდეს გაზპრომის გაზით. მაგრამუფრო იაფი და საიმედო აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლება, უფრო ძვირი და სახიფათო რუსული გაზით დივერსიფიკაციას ფაქტიურად ვერ მოგვიტანს. ეს დივერსიფიკაციის სტატისტიკურ განსაზღვრებას ეწინააღმდეგება.
4. აზერბაიჯანს საკმარისი გაზი აქვს. აზერბაიჯანი მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი ბუნებრივი გაზის მწარმოებელია. ქვეყნის გაზის რეზერვები 2.5 ტრილიონი მ3-ია! ყოველწლიური წარმოება 20 მილიარდი მ3-ია, საიდანაც 9 მილიარდს თვითონ მოიხმარს და 11 მილიარდს ექსპორტირებს. მას შემდეგ, რაც შაჰ-დენიზის პროექტი მეორე ფაზაში შევა, ქვეყნის წარმოება 30 მილიარდ მ3-დე გაიზრდება. წარმოების ამ დონეზე აზერბაიჯანს გაზი მინიმუმ 80 წელი ეყოფა. საქართველო წელიწადში 2.5 მილიარდი მ3-ს მოიხმარს. ჩვენთვის გაზის მოწოდება აზერბაიჯანისთვის არც ახლაა პრობლემა და არც მომავალში იქნება.
5. აზერბაიჯანს აქვს ტექნიკური შესაძლებლობა,ზამთრის თვეებშიც კი (როცა გაზის მოხმარება პიკზეა) საკმარისი გაზი მიაწოდოს საქართველოს. ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის კატეგორიული განცხადებები, რომ აზერბაიჯანულ მხარეს არ შეუძლია დამატებითი გაზის მოწოდება ყაზახის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენებით, სოკარის წარმომადგენლებმა გააბათილეს. აღმოჩნდა, რომ ყაზახის მილსადენით ამჟამინდელი დღიური 6 მილიონი მ3-დან შესაძლებელია დღიური მოცულობა 7 მილიონ მ3-დე გაიზარდოს (რაც ამ მილის ‘საპასპორტო’ სიმძლავრეა). ასევე გაზრდილ მოცულობებს შეპირდა სოკარის წარმომადგენელი ქართულ მხარეს სამხრეთ კავკასიის გაზსადენიდან.
6. გაზპრომი პოლიტიკური იარაღია კრემლის ხელში. კრემლს და პუტინს გაზპრომი ბევრჯერ გამოუყენებია მეზობელ ქვეყნებზე ზეგავლენის მოსახდენად. ამ სტრატეგიის მსხვერპლი საქართველოს მსგავსად სხვადასხვა დროს აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანა გამხდარა. სწორედ ამის გამოა, რომ ევროგაერთიანებას ღიად აქვს დასახული მიზნად გაზპრომის გაზზე დამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანა. დიდწილად ამის შედეგია, რომ გაზპრომის გაზის ექსპორტი ევროპაში 2015 წელს 200-დან 175 მილიარდ მ3-დე ჩამოვიდა. უკვე აშკარაა, რომ არც ჩინეთი ჩქარობს დაიწყოს გაზპრომისგან გაზის ახალი მოცულობების შესყიდვა. შედეგად, გაზპრომის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა. კომპანიის საბაზრო ღირებულება ბოლო წლებში 90%-ით შემცირდა. სხვა სიტყვებით, გაზპრომი, როგორც პოლიტიკური იარაღი კრემლის ხელში საკმაოდ დაჩლუნგდა. ამ ფონზე საქართველოს შედარებით მცირე ბაზარი გაზპრომისთვის არც ისე უმნიშვნელოდ გამოიყურება. ის, რომ პუტინისთვის გაზპრომის პოზიციების აღდგენა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, აშკარაა. გაუგებარია,ჩვენ რატომ ვუწყობთ მას ხელს ამ მიზნის მიღწევაში.
7. საქართველო აზერბაიჯანისთვის კიდევ უფრო არასაიმედო პარტნიორი გახდა. 2012 წლის ოქტომბრიდან აზერბაიჯანთან საქართველოს ურთიერთობა მნიშვნელოვნად გართულდა. აზერბაიჯანული პრესა ხშირად საუბრობს საქართველოს მთავრობის შეცვლილ დამოკიდებულებაზე აზერბაიჯანის მიმართ. ამავე დროს აზერბაიჯანში მკვეთრად შემცირებულმა ნავთობის ფასებმა ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა. აზერბაიჯანული მანათი ბოლო ერთ წელიწადში 120%-ით გაუფასურდა. ჩვენს ამ პარტნიორ ქვეყანას მწვავედ სჭირდება გაზის გაყიდვიდან შემოსული მყარი ვალუტა. გაზის იმპორტიორ საქართველოს ყველა შემთხვევაში უწევს გაზის შესყიდვა დოლარზე. ისმის კითვა: რატომ უნდა გავიდეს საქართველოდან დოლარი რუსეთში და არა პარტნიორ აზერბაიჯანში?
8. აზერბაიჯანი თავის მონოპოლიურ მდგომარეობას ბოროტად არ იყენებს და არც მომავალში გამოიყენებს. როგორც ჩვენ ვართ აზერბაიჯანზე დამოკიდებული გაზის მოწოდების მხრივ, ზუსტად ასევეა აზერბაიჯანი ჩვენზე დამოკიდებული გაზის ტრანზიტის მხრივ. ეს ურთიერთდამოკიდებულება ძალიან მდგრად ბალანსს ქმნის. ჩვენ და ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები, როგორც იტყვიან, ‘ერთ ნავში ვსხედვართ’. ისმის კითხვა: რატომ არწევს ამ ნავს საქართველოს მთავრობა?
9. ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება არ არის საკმარისად კომპეტენტური იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესების დაცვით აწარმოოს მოლაპარაკებები გაზპრომთან. გაზპრომთან გაზის ტრანზიტის ხელშეკრულება,რომლის საფუძველზეც რუსეთიდან გაზი სომხეთში მიეწოდა და საქართველოს ამ გაზის 10% რჩება ტრანზიტის საფასურად, საქართველოსთვის მომგებიანია. ამიტომაა, რომ რუსეთმა ბევრჯერ სცადა ამ ხელშეკრულების შეცვლა, მაგრამ ყოველთვის უარს იღებდა. რუსეთის არგუმენტი,რომ საერთაშორისო სტანდარტებით ტრანზიტის მომსახურება თანხით უნდა ანაზღაურდეს და არა გაზით, უბრალოდ ბლეფია. ორ მხარეს შორის შეთანხმება არანაირ საერთაშორისო სტანდარტს არ ექვემდებარება. ჩვენთვის მომგებიანი ეს შეთანხმება არ უნდა შეიცვალოს. ამ შეთანხმებით, და იმის გამო რომ გაზპრომს ჩვენი გავლით უწევს სომხეთის მომარაგება, ჩვენ ძლიერ პოზიციაში ვართ მათთან. ეს პოზიცია არ უნდა დავასუსტოთ. სწორედ ამ ჩვენი პოზიციისათვის გრძელვადიანი, გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას ცდილობს გაზპრომი. ჩვენი მთავრობა ამ პროცესს ვერ, ან არ ეწინააღმდეგება.
ენერგეტიკის სამინისტროს არაკომპეტენტურობა იმაშიც ჩანს, რომ შუა ზამთარში უწევს ამავე ზამთრისთვის გაზის დამატებითი მოცულობების მოძიება. ეს ძალისხმევა გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო სოკართან თანამშრომლობით.
10. ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება არ არის საკმარისად სანდო იმისთვის, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს გაზპრომთან. ენერგეტიკის მინისტრი აშკარად გვიმალავს გაზპრომთან მოლაპარაკების ძირითად ასპექტებს. იგი ამ მოლაპარაკებების შესახებ უამრავ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს: ხან გაზის წყაროების დივერსიფიკაციას ასახელებს მოლაპარაკებების მიზნად, ხან დამატებითი მოცულობების საჭიროებას, ხან შესასყიდი გაზის ფასის შემცირებას, ხან რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის ხელშეკრულების უბრალო განახლებას, ხან ტრანზიტის მომსახურების მონეტიზაციას, ხან აზერბაიჯანში გაზის დეფიციტს, ხან აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის მიღების ტექნიკურ შეუძლებლობას, და ხან აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის გაზრდილ დანაკარგებს. ყველა ეს ვერსია ერთმანეთის მიყოლებით გაბათილდა.
ჩვენი მთავრობის განცხადებები მუდმივად განსხვავდება აზერბაიჯანული მხარის განცხადებებისგან. ენერგეტიკის მინისტრი გაზის მოხმარების19%-იან ზრდაზე საუბრობს მაშინ, როცა სოკარი 9%-იან მაჩვენებელს ასახელებს. 2.5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში გაზის მოხმარების 19%-იანი ზრდა დაუჯერებელია და შეიძლება სისტემაში სერიოზულად გაზრდილ კორუფციაზე მიანიშნებდეს.
11. ჩვენი მთავრობა გაზპრომს აბრუნებს ქართულ ბაზარზე.2008 წლიდან მოყოლებული ჩვენ განუხრელად ვამცირებდით გაზპრომიდან მიღებული გაზის მოცულობებს (სომხეთში ტრანზიტისთვის მიღებული გაზის გარდა). და ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ქვეყანაში უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. 2013-ში ეს მოცულობები ნულამდე დავიდა და, შესაბამისად, ბოლო სამი წელია საერთოდ აღარ ვყიდულობთ გაზს გაზპრომისგან. გაზპრომი საქართველოს ბაზრიდან გასული იყო. ჩვენ მას ახლა ისევ ვაბრუნებთ. თუ სოკარის წარმომადგენლის დანაპირები დამატებით მოცულობებზე გამართლდა (და არ არსებობს საფუძველი ჩავთვალოთ რომ ეს არ მოხდება), მაშინ დღიური დეფიციტი ზამთრის დარჩენილ თვენახევარში დაახლოებით ნახევარი მილიონი მ3-ია. ამ მოცულობის დაახლოებითი ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ $4.5 მილიონია. ასეთი მცირე დისბალანსი თავისუფლად შეიძლება საბაზრო მოხმარების შემცირებამ ან/და უბრალოდ კომერციულ გაზზე ფასის მცირე ზრდამ გაანეიტრალოს. ამ უმნიშვნელო მოცულობისთვის არც ტრანზიტის კონტრაქტის ცვლილება ღირს და არც გაზპრომის ქართულ ბაზარზე დაბრუნება
12. ნებსით თუ უნებლიედ, ჩვენი მთავრობა რუსეთს ეხმარება სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაზრდაში. რუსეთს ძალიან სჭირდება სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი და მისთვის სასიკეთო (შესაბამისად საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის, თურქეთისთვის და დასავლეთისთვის საზიანო) მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები. გაზპრომის საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე მოლაპარაკება,დიდი ალბათობით, რუსეთის ამ მიზანსაც ემსახურება", _ აღნიშნულია კვლევაში.