მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური დანაყოფი შეიქმნება, რომელიც კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების და მისი შესრულების ვადებს, ასევე გამჭვირვალობას გაუწევს მონიტორინგს.
შესაბამისი განცხადება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ეკონომიკური განვითარების 4 ძირითადი მიმართულება გააცნო.
"რეფორმის ერთ-ერთი ბლოკი გულისხმობს ჩართულობისა და გამჭვირვალობის რეფორმას ანუ მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თქვენი მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას. ეს თავისთავად მოიცავს მთავრობის მუშაობის უფრო მეტ გამჭვირვალობას. ეს გულისხმობს პროცესში ყველა ადამიანის ჩართვას, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი ახალგაზრდებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებზე გაკეთდება", _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მათი მიზანია, ყველა ადამიანს გაუჩინონ შეგრძნება, რომ ის არის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესის მონაწილე, რომელიც კი მთავრობის ადმინისტრაციასა თუ სხვა სამთავრობო შენობაში მიიღება.
"ეს ასევე ითვალისწინებს ერთიანი ფრონტოფისის შექმნას მთელი მთავრობისთვის, ითვალისწინებს გადაწყვეტილებების მიღების დროის რეგლამენტირებას და ჩვენ გვექნება მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური დანაყოფი, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებების მონიტორინგს განახორციელებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მთავრობის ადმინისტრაცია არავითარ შემთხვევაში არ იქნება პოლიტიკის შემქმნელი. პოლიტიკის შემქმნელებად რჩებიან სამინისტროები. უბრალოდ ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით იქნება სპეციალური კონტროლი მთავრობის ადმინისტრაციიდან გადაწყვეტილების მიღების ხანგრძლივობის, გამჭვირვალეობისა და ჩართულობის მიმართულებით", _ განაცხადა მთავრობის მეთაურმა.