"პარტიების პროპორციული სიით არჩეულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ამომრჩევლების წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები უკვე წარადგინეს. დღეიდან კი მუნიციპალიტეტში ოცდარვავე ადმინისტრაციულ ერთეულში დავიწყებთ ამ პროცესს. ანგარიშგება თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და კანონით დაწესებული ვალდებულებაა." – ასე დაიწყო დაბა ლაითურში ამომრჩეველთან შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, რის შემდეგ სიტყვა საკრებულოს დეპუტატს რესან გაბაიძეს გადასცა.
დაბა ლაითურის დეპუტატმა საკუთარი საქმიანობის შესახებ ამომრჩეველს დაახლოებით 5 წუთში მოახსენა.
"შეძლებისდაგვარად ყველას ვეხმარებოდი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვაგვარებდით არაერთ პრობლემას" – თქვა გაბაიძემ.
გაბაიძეს გამოსვლის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა დავით დარჩიამ.
"ცოტა ჩქარა ჩაიკითხა, არ გეგონოთ, რომ პატარა საქმე აქვს გაკეთებული ჩვენს დეპუტატს", – აღნიშნა დარჩიამ.
პირველი კითხვა დარბაზში სპორტსმენმა ავთანდილ მარგალიტაძემ დასვა. მისი თქმით, დაბაში ახალგაზრდა მოჭიდავეებს ბოლო დროს ვარჯიში შიშის ქვეშ უწევთ.
"4 წელია ვასწავლი ჭიდაობას, კარგი თაობა მოდის და წარმატებებიც გვაქვს. გვინდა, რომ შეძლებისდაგვარად გაკეთდეს საჭიდაო იატაკი. ძალიან მძიმე სიტუაციაა და ამ პრობლემის მოგვარებას ვითხოვთ", – თქვა მარგალიტაძემ.
მარგალიტაძეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახმარებას დაპირდნენ. დეპუტატის ანგარიშის მოსმენის დროს ნაჩვენები იყო ახალგაზრდების მიერ მომზადებული ფილმი, სადაც იმ პრობლემებზე იყო საუბარი, რომლის გადაჭრასაც პირველ რიგში ითხოვს მოსახლეობა.
გამოკითხული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, პირველ რიგში, წყლის პრობლემის მოგვარება ითხოვა. გარდა ამისა, მოსახლეობას აწუხებს სოფელში ბუნებრივი აირის არარსებობა და უმუშევრობა.
ადგილობრივი რუბენ კარაპეტიანი ამბობს, რომ პირველ რიგში გაზის პრობლემა უნდა მოგვარდეს.
"გაზი არ გვაქვს. რადგან დღეს ლაითურში ბრძანდებით იქნებ გაითვალისწინოთ ხალხის თხოვნა"- თქვა რუბენ კარაპეტიანმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ დასმულ კითხვას უპასუხა და ფილმის კვლევის შედეგებსაც გასცა პასუხს.
"მინდა გითხრათ, რომ დაბა ლაითურში პრიორიტეტები კარგად ავარჩიეთ, რადგან მიმდინარე წელს აქ დაიწყება უნიკალური წყლის სისტემის მშენებლობა და გაზიფიკაცია. ეს არის საკრებულოსა და გამგეობის კოორდინირებული მუშაობის შედეგი. პროექტები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აუცილებლად განხორციელდება და ამას თქვენ მალე იხილავთ " – თქვა მერაბ ჭანუყვაძემ.
გურიის გუბერნატორის მოადგილემ, გია ებრალიძემ რესან გაბაიძეს მცირედი შენიშვნა მისცა.
"კარგია, რომ დეპუტატი ანგარიშს აბარებს ამომრჩეველს და ეს მისასალმებელია. მინდა რჩევის სახით მიიღო, რასაც ვიტყვი, კარგი იქნებოდა თქვენს მოხსენებაში იმაზეც გესაუბრა ამ ხნის განმავლობაში რა ვერ გააკეთე და რა იყო ხელის შემშლელი ფაქტორები."