საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე პაატა მჭედლიძე დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, დაამზადა ყალბი მინდობილობა, რომელიც თითქოს გაცემული იყო ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ზვოლეში. აღნიშნული ყალბი დოკუმენტით მჭედლიძე ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა უფლება, განეკარგა ეგვიპტის მოქალაქეების კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთები. გაყალბებული დოკუმენტაციით, ბრალდებულმა, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ გაასხვისა დიდი დიღმის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება და თაღლითურად დაეუფლა 80 000 აშშ დოლარს. გარდა ამისა, პაატა მჭედლიძემ ანალოგიური თაღლითური სქემით და გაყალბებული დოკუმენტებით სცადა საბერძნეთისა და ეგვიპტის მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი დიღმის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის საკუთარ სახელზე რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ჩუქების ხელშეკრულებით, შემდგომში გაყიდვის მიზნით, თუმცა საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის მორიგი მცდელობა აღკვეთა და ბრალდებული დააკავა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.