უკვე კვირაზე მეტია, საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის "გურია", თბილისში აგრძელებს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრისთვის სამზადისს. კლუბის ახალმა თავკაცმა, ვიქტორ დემიდოვმა, ურეკში სავარჯიშო პირობები თავის დროზე დაიწუნა და სწორადაც მოიქცა – ამ გაგანია დიდთოვლობის შემხედვარე აბა რა ვარჯიშზე იქნებოდა საუბარი.
"გურია" ავლაბარში მდებარე ერთ – ერთ სასტუმროში დაბანაკდა და მზადების პროცესს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" კუთვნილ სტადიონზე გადის, რომელიც თბილისის ზღვის მიდამოებში მდებარეობს. ჩვენი ინფორმაციით, ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც მოიაზრება გუნდში დასარჩენად, ადგილზეა და მზადებას ინტენსიურად გადის. სამწუხაროდ, კლუბის მესვეურები ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ თუ რამდენი ახალწვეული და ლეგიონერი ვარჯიშობს გუნდში.
ჩვენივე ინფორმაციით, "გურია" 1 თებერვლიდან 10 თებერვლამდე სამ სპარინგ – მატჩს გამართავს. ერთ – ერთი მეტოქე ცხინვალის "სპარტაკი" იქნება, დანარჩენი ორის ვინაობა კი ჯერ უცნობია.
თუ კლიმატურმა პირობებმა ხელი არ შეუშალა, გუნდი 11 თებერვალს ლანჩხუთში დაბრუნდება და გრიგოლეთის საფეხბურთო ბაზაზე გააგრძელებს სამზადისს. როგორც ირკვევა, იქ ფეხბურთელთა მისაღებად უკვე ყველანაირი პირობებია შექმნილი. რაც შეეხება საბოლოო შემადგენლობას, სავარაუდოდ დემიდოვი მესამე სპარინგ – შეხვედრის შემდგომ დააზუსტებს ვინ დარჩება გუნდში და ვინ წავა.
სწორედ ლანჩხუთში დაბრუნების შემდეგ მოხდება ახალი მწვრთნელის, ფეხბურთელების და რაც ყველაზე დამაინტრიგებელია, ახალი სპონსორის პრეზენტაცია.