_პატივცემულო რედაქცია! დღეს ბევრს და ხშირად საუბრობენ სურსათის უვნებლობის შესახებ. ძალიან გვაინტერესებს თაფლის ირგვლივ ყველაფერი _ როგორ უნდა მივხვდეთ ნატურალურია თუ არა იგი, რანაირ ჭურჭელში უნდა შევინახოთ, რის თაფლია ყველაზე უსაფრთხო, რანაირად ისაზღვრება გემოს, ფერის თუ არომატის ხარისხი. შაქრდება (კრისტალდება) თუ არა ნატურალური თაფლი? გვაინტერესებს ყველაფერი თაფლის შესახებ, რაც მის კვებით ღირებულებას ეხება.
პატივისცემით, მკითხველთა ჯგუფი: ქეთევან მახარაძე, თეო კვირკველია, გურანდა მახარაძე, რომან ღლონტი, გიორგი ქერქაძე, თინიკო მამალაძე. ოზურგეთი
მკითხველების ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენ გურიის მეფუტკრეთა კავშირის თავმჯდომარეს ჯანვერდ ცეცხლაძეს ვთხოვეთ:
_ ჯანმრთელობის საიდუმლოება რომ ჯანსაღ პროდუქტებშია, ხომ ვთანხმდებით? ფუტკრის მიერ ნატურალურად დამზადებულ სასწაულმოქმედ პროდუქტებს შორის თაფლი, თავისი უნიკალური შედგენილობისა და თვისების გამო, შეუცვლელია. მას პირველი ადგილი უჭირავს წამლებს შორის, რომელთაც ბუნება გვაწვდის ყვავილებისა და სამკურნალო ბალახების მეშვეობით. ცნობილია, რომ თაფლი ათეული და ასეული წლების მანძილზე ინარჩუნებს თავის საგემოვნო, კვებით და სამკურნალო თვისებებს. თაფლში შედის ორგანიზმისთვის საჭირო 70-ზე მეტი სხვადასხვა ნივთიერება და ელემენტი, რაც ხდის მას არა მარტო საუკეთესო საკვებად, არამედ ფარმაკოლოგიურ ობიექტადაც. ყველა ამ არსენალის წყალობით, თაფლი მიჩნეულია მრავალმხრივი გამოყენების საშუალებად. თაფლი შეიცავს სისხლის განმაახლებელ, ნერვების დამამშვიდებელ და ახალი სიცოცხლის მომნიჭებელ ნივთიერებებსა და ვიტამინებს, აძლიერებს ორგანიზმს დამცავი ძალებითაც.
როგორ განვასხვავოთ ნატურალური პროდუქტი უხარისხოსგან? პირველ რიგში, უნდა ავამაღლოთ ჩვენი ცნობიერება და გამოცდილება.
თაფლის კონსისტენცია (შემადგენლობის ხარისხი)
ახალი თაფლი ნახევრად თხიერი, გამჭვირვალე მასაა; დროთა განმავლობაში იწყებს დაკრისტალებას. ნატურალურ თაფლს ახასიათებს დაკრისტალების სამი ფორმა: მსხვილმარცვლოვანი, წვრილმარცვლოვანი და ქონისებური. საჭიროების შემთხვევაში, 50-55 გრადუსამდე შეთბობისას, თაფლი კვლავ უბრუნდება პირვანდელ ფორმას, რაც მის ხარისხს არ ვნებს. უნდა გვახსოვდეს, რომ თაფლის ძლიერი გაცხელება, ადუღება დაუშვებელია.
ნატურალურ თაფლს გემოვნურად გასინჯვის დროს, უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ყვავილის დამახასიათებელი გემო, არომატიც, თავისებური ბუკეტი და ასევე, სუნი. ფალსიფიცირებული შაქრიანი თაფლი კი ყველა ამ ფაქტორს მოკლებულია _ ახასიათებს მხოლოდ მოჭარბებული ერთფეროვანი სიტკბო.
ნექტრის თაფლად გარდაქმნა რთული ფიზიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური პროცესია. ნექტარი შეიცავს 70-75% წყალს. გადამუშავების შედეგად, წყლის შემცველობა მასში 21%-ზე მეტი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვისას თაფლი ამჟავდება. თუ კოვზით ვიღებთ თაფლს და კოვზს დავატრიალებთ, მოუმწიფებელი თაფლი მისგან ადვილად ჩამოედინება, მწიფე კი კოვზზე დაეხვევა ფენოვან ნაოჭებად, ჩამოედინება უწყვეტ ძაფად. გაწყვეტის შემთხვევაში, ძაფი იწევს ზევით, კოვზისკენ. ნატურალური თაფლი გასინჯვისას, ყელის არეში გემოს რამდენიმე წუთის განმავლობაში ტოვებს, ყალბისა კი მალე ქრება.
თუ ქათმის კვერცხს თხევად, გამდნარ თაფლში ჩავაგდებთ და კვერცხი ჩაიძირება, ეს იმას ნიშნავს, რომ თაფლი მოუმწიფებელია და მასში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა წყალი.
ნახევარ ჭიქა ნელთბილ წყალში გავაზავოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და დავაგემოვნოთ. ასეთ ხსნარში გემო და სუნი უფრო გამოკვეთილი ხდება, მეტად შესამჩნევია.
ფერი
თაფლის ფერი დამოკიდებულია ნექტარში არსებულ შემფერავ ნივთიერებებზე. ამიტომ მისი შეფერილობა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი: ღია ყვითელი, ლიმონისფერი, ყვითელი, ოქროსფერი, მუქი, ყავისფერი, მწვანე და შავიც. თაფლი დროთა განმავლობაში კარგავს პირვანდელ ფერს და კრისტალიზაციისას ოთეთრო ან ყავისფერი.
არომატი
თაფლის სხვადასხვა სახეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან არომატითაც. ამ ნიშნის საფუძველზე შეიძლება, ვიმსჯელოთ თაფლის ხარისხზე და ზოგიერთ შემთხვევაში თაფლის წარმოშობაზეც კი. თაფლის სუნი განპირობებულია მასში შემავალი დამახასიათებელი აქროლადი ორგანული ნივთიერებების არსებობით.
გემო
ფუტკრის თაფლი თავისი სასიამოვნო გემოთი, რაც დამოკიდებულია მის წარმოქმნასა და შემადგენლობაზე, განირჩევა კვების სხვა პროდუქტებისგან. თაფლის სიტკბოება უშუალოდ დამოკიდებულია მასში არსებულ ბუნებრივ შაქრებსა და მათ წარმოქმნაზე.
შენახვა
თაფლის მკვებავი და სამკურნალო ხარისხის შენარჩუნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის უვნებლად შენახვას. ცნობილია, რომ შესაფერის პირობებში, თაფლს შეუძლია, შეინარჩუნოს თავისი თვისებები განუსაზღვრელი ხნის განმავლობაში.
ფუტკრის თაფლი ხასიათდება დიდი ჰიგროსკოპიულობით, რის გამოც ნესტიან სათავსოში ის მჟავდება. დაუშვებელია მისი შენახვა აქროლად ნივთიერებებთან (ბენზინი და სხვა), ასევე, სუნიან კვების პროდუქტებთან (თევზეული და სხვა) ახლოს.
თაფლის ხარისხის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჭურჭელს, რომელშიც ის ინახება. ამ მიზნისთვის ყველაზე უფრო ჰიგიენური და მოსახერხებელია მინის და თიხის ჭურჭელი. თაფლის შესანახად გამოიყენება აგრეთვე ხის ჭურჭელიც. მასალად გამოიყენება ცაცხვი, ვერხვი, თხმელა, ნეკერჩხალი…
აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ერთი ფაქტორიც _ ფიჭა, რომელშიც თვეობით უწევს თაფლს დაყოვნება. თუ ის ფალსიფიცირებული თაფლისგან არის დამზადებული, უარყოფით გავლენას მოახდენს თაფლის ხარისხზე.
უკანასკნელ წლებში გამოიყენება პლასტმასის ჭურჭელიც, მაგრამ მასში თაფლის დიდი ხნით გაჩერება არ არის რეკომენდირებული.
ბაზარზე სარეალიზაციოდ გატანილი თაფლი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მაჩვენებლებს, უნდა იქნეს ეტიკეტირებული განსაზღვრული წესით, რამაც შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი. ძლიერი სურსათის უვნებლობის სისტემა მთავარ როლს ასრულებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაში. ასევე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენი პროდუქცია გახდეს სანდო და კონკურენტუნარიანი. საერთაშორისო ბაზარზე გასვლა მოითხოვს დიდ შრომას, ინტელექტს და პასუხისმგებლობას, ხარისხიან, უსაფრთხო, ჯანმრთელობისთვის უვნებელ, კონკურენტუნარიან პროდუქციას.