სირიის ქალაქ ალეპოში ვითარება სწრაფად უარესდება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ქალაქის 50 000-ზე მეტი მოსახლე უსახლკაროდ არის დარჩენილი და თავის გადარჩენას უმძიმეს პირობებში ცდილობს.
"მოსახლეობას წყალი და საკვები არ მიეწოდება. მათ არც თავშესაფარი აქვთ. იძულებით გადაადგილებული პირები გადარჩენას უმძიმეს პირობებში ცდილობენ,"_ აცხადებენ წითელ ჯვარში.
ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე"-ს ცნობით, შესაძლებელია, რამდენიმე დღეში მოსახლეობამ დაბალ ტემპერატურას ვეღარ გაუძლოს.
"უსახლკაროებს შორის უმეტესად მოხუცები და ბავშვები არიან. მათ, შესაძლოა,რამდენიმე დღეში დაბალ ტემპერატურას ვეღარ გაუძლონ ,"_ აცხადებენ ორგანიზაციაში.
როგორც ცნობილია, სირიის ხელისუფლება, რუსეთის საჰაერო ძალების დახმარებით, მეამბოხეთა მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობს.
როგორც რუსეთში აცხადებენ, მათ სამიზნეს ტერორისტული ორგანიზაციები წარმოადგენენ, თუმცა, დასავლეთის ცნობით, რუსეთი სირიაში ხელისუფლების ოპოზიციური ოპონენტების წინააღმდეგ იბრძვის.
სირიის ადამიანთა უფლებების დაცვის ობსერვატორიის მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად ქალაქში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ უმეტესობას კი, მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.