"არტ-გენი, ჩოხატაურში პირველად ჩატარდა და ჩოხატაურელების აზრით, კარგი ადგილიც შეირჩა, თუმცა, მოუწესრიგებელი გარემოს გამო, საყვედური ბევრმა გამოთქვა.
ჩვენ მიერ გამოკითხული მაყურებლების უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ ტყე-პარკი მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად იდეალური ადგილია, მაგრამ მოვლას საჭიროებს.
ღონისძიების ორგანიზატორებმა ვერ უზრუნველყვეს სტუმრებისა და მონაწილეებისთვის დასასვენებელი ადგილების გაკეთება და რაც ყველაზე მთავარია, მოუწესრიგებელი იყო სველი წერტილები.
პარკის ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდში აშენებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, რომელიც ამჟამად დანგრეულია და რესტავრაცია ესაჭიროება, თვალს ნამდვილად არ სიამოვნებს.
ერისთავების ეზოს ბოლოში მდგარი სასახლე, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება, ტექნიკუმის მსგავსად, ავარიული მდგომარეობაშია.
მეორე სართულის ფასადზე მიდგმულ ვრცელ ხის აივანს, გვიანდელ შეკეთებათა გამო, მხატვრული ღირებულება აღარ გააჩნია. იგივე მდგომარეობაშია სახლზე უკანა მხარეს მიდგმული მომცრო აივანიც.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლელა იმედაშვილის თქმით, პარკი ამჟამად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილებაა. გამგებელი ფიქრობს, რომ აქ სერიოზული ინვესტიციის ჩადებაა საჭირო, რათა “პარკი გახდეს იმ ღირსების, რასაც იმსახურებს"