დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაითხოვა. პროექტის გამოთხოვის შესახებ ჯაჭვლიანის გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა გააჟღერა. ცნობილი არ არის მიზეზი, რის გამოც პარლამენტარმა საკუთარი კანონპროექტის უკან გამოთხოვა მოითხოვა.
"ეს არის კანონპროექტი, რომელშიც საუბარი იყო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელების თაობაზე. ეს პროექტი ჯერ კიდევ საკომიტეტო განხილვების სტადიაშია, ამიტომ ავტორს და ინიციატორს აქვს ამის უფლება. ასე რომ ჩვენ მივიღეთ ცნობად, რომ ბატონმა ჯაჭვლიანმა გაითხოვა აღნიშნული პროექტი. შესაბამისად, პარლამენტი წყვეტს ამ საკითხზე მსჯელობას", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ახალი მუხლი უნდა დამატებოდა, რომლის მიხედვითაც, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევდა დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევდა დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევდა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევდა დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
პარლამენტში რელიგიურ სიწმინდეებთან დაკავშირებით სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ერთი თვის წინ შევიდა. წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა. კანონპროექტს ბევრი მოწინააღმდეგე ყავდა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებშიც.