ქალაქ ოზურგეთის სტადიონის ყოფილი დირექტორის მურთაზ აბაშიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მურთაზ აბაშიძის სარჩელი დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 2 დეკემბრის #306 ბრძანება მურთაზ აბაშიძის ა.(ა).ი.პ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მურთაზ აბაშიძე აღდგენილ იქნეს ა.(ა).ი.პ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობაზე. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მურთაზ აბაშიძის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ყოველთვიური ხელფასის – 700 ლარის ოდენობით (დაუქვითავი)), სამუშაოდ გათავისუფლების დღიდან (2014 წლის 2 დეკემბრიდან) სამუშაოზე აღდგენამდ. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მურთაზ აბაშიძის სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 550 ლარი; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო ქალაქ ოზურგეთის მერიამ.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა, როგორ აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მერია.
ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მურთაზ აბაშიძეს წერილობით წინადადებით მიმართეს.
" თანამდებობა, რომელზეც მურთაზ აბაშიძე აღადგინა სასამართლომ, რეორგანიზაციის შედეგად არის გაუქმებული. მოგეხსენებათ, რომ მოხდა ორი ა.(ა).ი.პ.-ის გაერთიანება. ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ მურთაზ აბაშიძეს შეთავაზა ტოლფასი თანამდებობა იგივე თანამდებობრივი სარგოთი ანუ ამ გაერთიანებული ა.(ა).ი..პ-ების დირექტორის მოადგილედ ყოფნა. ველოდებით მისგან პასუხს." – გვითხრეს პრესსამსახურში.
"მერის შეთავაზებაზე უარს ვამბობ, რადგან ბუნებაში ეს თანამდებობა არ არსებობს. თუ დავბრუნდები, ჩემ თანამდებობაზე უნდა დავბრუნდე, ანუ დირექტორად. უზენაესმა სასამართლომ მე გამამართლა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ჩემი აღდგენა დირექტორის პოსტზე. მე იმ ზომამდე მიმიყვანეს, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი და სასამართლოსი დავამტკიცე ჩემი სიმართლე. ახლა გადავდივარ ახალ ეტაპზე და აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისთვის. რაც ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, არის ჩემი დევნა და არ უნდათ, რომ დავბრუნდე სტადიონის დირექტორად." – ამბობს "გურია ნიუსთან" მურთაზ აბაშიძე.
ჩვენთვის ასევე ხდება ცნობილი, რომ ქალაქ ოზურგეთის მერი ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდა. შეხვედრაზე არ იმყოფებოდა ვეტერან-ფეხბურთელთა კლუბის პრეზიდენტი, მურთაზ აბაშიძე.
ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ შეხვედრაზე მოწვეული იყო მურთაზ აბაშიძე, მაგრამ ის არ მოვიდა.
"შეხვედრის საფუძველი ოზურგეთის ვეტერან ფეხბურთელთა კლუბის პრეზიდენტის მიერ ქალაქის მერისადმი გაგზავნილი წერილი გახდა, სადაც აღნიშნულია, რომ ვეტერან ფეხბურთელებს სურვილი აქვთ, თავიანთი მრავალწლიანი გამოცდილება კლუბ "მერცხალის" განვითარებას მოახმარონ.
აღნიშნული წერილის ავტორი და ვეტერან ფეხბურთელთა კლუბის პრეზიდენტი, მურთაზ აბაშიძე ქალაქის მერთან შეხვედრას არ დასწრებია. როგორც გაირკვა, ვეტერანები წერილის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ, თუმცა შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერად წარიმართა. ყოფილმა ფეხბურთელებმა ბეგლარ სიორიძესთან კლუბ "მერცხალში" მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს და მერს გუნდის განვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა გააცნეს." – ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ წერილში.
ბეგლარ სიორიძე, ქალაქის მერი: "მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ამ ადამიანებს არ ჰქონდათ სწორი ინფორმაცია, თუ რა ხდება საფეხბურთო კლუბ "მერცხალში," თუმცა გაიგეს ყველაფერი და ჩვენ ბევრ საჭირბოროტო საკითხზე შევთანხმდით. ვფიქრობ, რომ ვეტერან ფეხბურთელთა გამოცდილება წაადგება ჩვენს საფეხბურთო კლუბს და დღეიდან ერთად ვიზრუნებთ გუნდის წარმატებასა და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე".
მურთაზ აბაშიძის თქმით, მთავარია ვეტერანი ფეხბურთელების პრობლემა მოგვარდეს და მისი შეხვედრაზე დასწრება არ წარმოადგენს აუცილებლობას.
" როგორც ოზურგეთის ვეტერან-ფეხბურთელთა კლუბის პრეზიდენტმა მივმართე ქალაქის მერს, რომ სტადიონზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე მომხდარიყო ჩანაცვლება დამსახურებული ვეტერანი ფეხბურთელების, რომლებსაც ოზურგეთის ფეხბურთის ისტორიის შექმნაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. შეხვედრას იმის გამო არ ვესწრებოდი, რომ მერთან მაქვს სამართლებრივი დავა და აქედან გამომდინარე, მივიდნენ ვეტერანი ფეხბურთელები. აქვე მინდა ვთქვა, მას არ ვთხოვ ჩემს დასაქმებას, ვითხოვ ვეტერანი ფეხბურთელებს მიექცეს სათანადო ყურადღება."-ამბობს მურთაზ აბაშიძე.