სავარაუდო მსოფლიო ფინანსური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ცოტა ხნის წინ შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში შეკრებილმა ცენტრალური ბანკებისა და საბანკო ზედამხედველობის სისტემის წარმომადგენლებმა სავალუტო რეზერვების გაზრდის წესებზე იმსჯელეს და შეთანხმებასაც მიაღწიეს.
ახალი შეთანხმება მსოფლიოში საბანკო სისტემის რეფორმის ქვაკუთხედი უნდა გახდეს.
იმ შემთხვევაში, თუ კრიზისი განმეორდება, ბანკები პრობლემებს უკეთესად გაუმკლავდებიან, ვიდრე ბოლო წლებში.
ახალი წესები კაპიტალის გლობალური სტანდარტების ფუნდამენტურ გაძლიერებას მოასწავებს.
დღესდღეობით საბანკო რეზერვი შესაძლო დანაკარგთან შეფარდებაში 4 პროცენტია. ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი უახლოეს მომავალში, სულ მცირე, 7 პროცენტამდე გაიზრდება.
ექსპერტები აცხადებენ, რომ რამდენიმე წლის წინ საბანკო კრიზისის უმთავრესი მიზეზი კაპიტალიზაციის დაბალი დონე გახდა. ახალი წესები ბანკებს იმ სიტუაციასთან გამკლავებაში დაეხმარება, როდესაც კრედიტორები მასობრივად ვეღარ იხდიან ვალებს.




































































