საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ ის პირები, ვინც „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა:
"სრულიად ამაზრზენი დანაშაულის მოწმენი ვართ ჩვენ. მე პირადად გახლდით იაპონიაში, როდესაც ეს საზარელი ამბავი შევიტყვეთ. გუშინ დავბრუნდი და ვუერთდები ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალიან მკაფიოდ და ცალსახად აცხადებს, რომ დამნაშავეები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვლინდნენ და უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით.
კანონის მთელ სიმკაცრეზე მე ამ შემთხვევაში ყურადღებას ვამახვილებ სრულიად შეგნებულად, იმიტომ, რომ ეს არის სასამართლოს და პროკურატურის საქმე, მაგრამ ჩვენ, საზოგადოება, პარლამენტარები, ადამიანები, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსში ვწერთ რაღაც მუხლებს და მერე იქ ვსაზღვრავთ სასჯელს აქედან-აქამდე, იქედან-იქამდე, რას ვითვალისწინებთ? ვითვალისწინებს იმას, რომ როდესაც დანაშაული ხდება განსაკუთრებით საზოგადოებისადმი, ადამიანებისადმი, სიცოცხლისადმი, კანონით დაცულ სიკეთისადმი ასეთი უპატივცემულობით, ასეთ დროს სასჯელი უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი.
ეს არის ჩემი პოზიცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართლამდამცავი ორგანოები ძალიან სწრაფად გაართმევენ თავინთ მოვალეობას თავს. კარგი ამბავი ის არის, რომ ბუკას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი საკითხი და ისეთი თემა, რომელიც უცებ ჩაივლის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ფართოდ უნდა შევხედოთ მსგავს საკითხებს და საქართველოში ადამიანები უნდა ვიყოთ იმ განცდით, რომ ვართ დაცული და ეს მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი დანაშაული ჩაიფიქრონ, მოიფიქრონ, დაგეგმონ და აღასრულონ, ისინი დაინახავენ, რომ მათი ყოველი ასეთი ჩანაფიქრი იქნება ძალიან სასტიკად დასჯილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება“,_ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.