მუჰამედ ალ ამუდი – 10 მილიარდი დოლარი – ეთიოპია
69 წლის ალ ამუდი ყველაზე მდიდარი აფრიკელია პლანეტაზე. "ფორბსის" მილიარდერთა უკანასკნელ რეიტინგში მას 64-ე პოზიცია უკავია. იგი ყველაზე მდიდარი შავკანიანია პლანეტაზე და მას კონკურენციას, განთქმული ოპრა უინფრიც კი ვერ უწევს. ალ ამუდიმ, თავდაპირველად, ბიზნესი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით წამოიწყო. თუმცა, მოგვიანებით, ნავთობზე და გაზზე გადაერთო და თავისი მილიარდები სწორედ ამ სფეროში მოიპოვა. მუჰამედი დროის უმეტეს ნაწილს სამშობლოში ან საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ატარებს. იგი ცნობილია მეცენატობით და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან.
ნასეფ სავირისი – 5,9 მილიარდი დოლარი – ეგვიპტე
ეგვიპტელი მილიარდერი ნასეფ სავირისი "ფორბსის" 127-ე ნომერია, ხოლო მისი კომპანია წლიურად 25 მილიონამდე ტონა ცემენტს აწარმოებს. იგი ცემენტის უმსხვილესი მწარმოებელი და იმპორტიორია აზიის და აფრიკის რეგიონებში. მსოფლიოში "ორასკომის" დაახლოებით 20-მდე საწარმო ფუნქციონირებს, სადაც 40 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. ჩიკაგოში მიღებული უმაღლესი განათლების მქონე 55 წლის ნასეფი ეგვიპტის ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის ბიზნეს-სამდივნოს წევრია. იგი ყველაზე ცნობილი ეგვიპტელი ბიზნესმენია მსოფლიოში.
ნიკი ოპენჰეიმერი – 5 მილიარდი დოლარი – სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ აფრიკელი ნიკი ოპენჰეიმერი ოჯახთან ერთად მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ალმასებისა და ბრილიანტების მომპოვებელ კომპანიას "დე ბეერს" ფლობს. 71 წლის ნიკის განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, სადაც იგი პოლიტოლოგიას, ეკონომიკასა და ფილოსოფიას ეუფლებოდა. მისი წინაპრები ერნესტ და ჰარი ოპენჰეიმერები "დე ბეერსის" დაარსების სათავეებთან იდგნენ, ჯერ კიდევ 1888 წელს. წარმოშობით ოპენჰეიმერი გერმანელი ებრაელია და "ფორბსის" რეიტინგში 154-ე ადგილი უკავია.
პატრიკ სუნ-სიონგი – 5 მილიარდი დოლარი – სამხრეთ აფრიკა
სუნ-სიონგი ჩინელი ემიგრანტების შვილია, რომელიც 1952 წელს სამხრეთ აფრიკულ იოჰანესბურგში დაიბადა. მისი ოჯახი მეორე მსოფლიო ომის დროს გადავიდა საცხოვრებლად შავ კონტინენტზე. პატრიკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარი ქირურგია პლანეტაზე. მისი კვლევები ონკოლოგიურ დაავადებებზე მუდამ იწვევენ ინტერესს სამედიცინო წრეებში.