მარტიდან კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია "თელასის" ელექტროენერგიის გადასახად ქვითრებში აღარ აისახება.
როგორც სააქციო საზოგადოება "თელასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მარტიდან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, "კომუნალური სუბსიდირების" პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების დარიცხვის წესი შეიცვალა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, "კომუნალური სუბსიდირების" პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ პირებს კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე. აქამდე აღნიშნული კომპენსაცია პროგრამის ბენეფიციარებს ერიცხებოდათ "თელასის" სააბონენტო ანგარიშზე, რაც კომპანიის ქვითრებში აისახებოდა.
მარტიდან შეღავათების დარიცხვის ახალი სისტემა ამოქმედდება.