სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის მოადგილე გიგა კიკნაველიძე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გიგა კიკნაველიძემ, მოქალაქეს 50 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთების თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გატანის სანაცვლოდ 5000 ლარი მოსთხოვა.
გიგა კიკნაველიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქრთამის სახით მის მიერ მოთხოვნილი 5000 ლარი აიღო, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.