ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა კობა გვენეტაძე დაამტკიცა. გვენეტაძის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანომ კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარა.
გვენეტაძის არჩევას მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.
შეგახსენებთ, რომ კობა გვენეტაძე პარლამენტს, არასამტავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარუდგინა.
კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძეს შეცვლის, რომელსაც აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარის და ამავე დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილება თებერვლის ბოლოს ამოეწურა.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი კობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, კომპანია Galt and Taggart-ის (საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია) ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობს, ხოლო 2002-2015 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში, ვაშინგტონში.