პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი განათლების მინისტრს სკოლებში საგნის "მე და საზოგადოების" დანერგვის საკითხში მთავრობის სახელით მხარდაჭერას უცხადებს.
კვირიკაშვილის თქმით ის, რომ "საწყისი ადრეული ასაკიდანვე ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა პასუხისმგებლობის გრძნობა ვასწავლოთ და განუვითაროთ, მე მგონი ამაში დადებითის გარდა არაფერია":
"ჩვენ რამდენიმე დღის წინ მთავრობაში ამ საკითხის განხილვა გვქონდა. დაისვა შეკითხვები, მათ შორის საჯარო სივრციდან წამოსული, თუნდაც ყველაზე კრიტიკული შეკითხვები.
აბსოლუტურად ყველა შეკითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, არის პასუხგაცემული და ამოწურული. მინდა საჯაროდ განვაცხადო, ის, რომ საწყისი ადრეული ასაკიდანვე ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა პასუხისმგებლობის გრძნობა ვასწავლოთ და განუვითაროთ, მე მგონი ამაში დადებითის გარდა არაფერია.
რისკები ყველაფერში არსებობს და რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რისკები იქნას თავიდან აცილებული. პედაგოგების მომზადებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ ის, რომ ასეთი რისკები შეიძლება არსებობდეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა არ არის საჭირო.
მე ვფიქრობ, რომ ამაზე ჩვენ ყველანი ვთანხმდებით და იმ შეხვედრაზე, რომელიც მე ვახსენე, ჩვენ ასეთ შეთანხმებას მივაღწიეთ. ამიტომ მე მინდა, რომ მთელი მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრს.
ასევე მინდა მას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად იქნას გახსნილი განათლების სამინისტროს კარი ნებისმიერი ასეთი დიალოგისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის ბრალდებები და ინსინუაციები ფსევდოტრადიციულ ღირებულებებზე, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, არანაირი კავშირი ამ საგანსა და ამ სპეკულაციებს შორის არ არსებობს", _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.