ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან დაბა ჩაქვში, სადაც ქალაქ ქობულეთის ირგვლივ მცხოვრები ხუთი სოფლის მოსახლეობა ახალი ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს.
ღია ნაგავსაყრელი ქალაქ ქობულეთის უკან, ჭაობიან ადგილებში იხსნება და რამდენიმე სოფელს უშუალოდ ემიჯნება, რასაც მოსახლეობა ეწინააღმდეგება, რადგანაც დაახლოებით 50 ჰექტარი სახნავ-სათესი და საძოვარი მიწები ნაგავსაყრელისათვის უნდა გამოიყენონ.
აღსანიშნავია, რომ ადგილი, სადაც ნაგავსაყრელი ეწყობა დაჭაობებული ტერიტორიაა და გრუნტის წყლები ზედაპირთან ძალიან ახლოსაა. ნაგავსაყრელზე ქობულეთის გარდა, ქალაქ ბათუმის ნარჩენების განთავსებაცაა დაგეგმილი, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში ქობულეთის უკან მდებარე ვრცელ ტერიტორიებს ეკოლოგიურად დააბინძურებს. საფრთხე გარკვეულწილად, შესაძლოა, კოლხეთის ეროვნულ პარკს, კერძოდ, ისპანიის უნიკალურ ტორფნარსაც შეეხოს, რომელიც დაცვის ობიექტია.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ხვიჩა გამარჯობაძის განცხადებით, პროექტის თანახმად, სანიტარული ზონა მხოლოდ 500 მეტრზეა გათვლილი. ამ ზონაში ხდება ცეცხლაურის საჯარო სკოლა და 22 ოჯახიც, რომელთაც, შესაძლოა, გასახლება მოუწიოს. აქციაზე ამჟამად რეგიონის საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარეობს და მოსახლეობა დეპუტატებს მთვარობასთან შუამდგომლობას სთხოვს, რათა ღია ნაგავსაყრელის პროექტის შეჩერება მოხდეს.
შენიშვნა: ფოტო არ ასახავს შემთხვევის ადგილს