იმის მიუხედავად, რომ გურია ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიურობით, დღეს რეგიონის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ველზე არ ჩანან ქალები, რომლებიც მცირედ, მაგრამ მაინც არიან წარმოდგენილი საკრებულოებში, გამგეობების საშუალო რგოლებში, პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ ორგანიზაციებში.
მათი სუსტი მონოლოგები სხდომებზე, თათბირებზე, იქვე იკარგება და ვერ გადადის დიალოგის რეჟიმში, რომელსაც არსებული ვითარების შეცვლა, კონკრეტული პრობლემის მოგვარება მოჰყვება. კიდევ უფრო რთულადაა საქმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მიღმა დარჩენილ არეალზე – მკვეთრი გენდერული დისბალანსია კერძო სექტორში, სოფლებში.
ამ დისბალანსის აღმოფხვრას,"გურიის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების სტრატეგიაც ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ 2013 წელს დაამტკიცა.
სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაცია "პოსტ-ალიონი" და "გურია ნიუსი" გთავაზობთ გადაცემათა ციკლს "მონოლოგიდან-დიალოგამდე", რომლის მთავარი მოქმედი პირები გურიაში მცხოვრები ქალები იქნებიან. ასევე, გავაშუქებთ ყველა იმ შეხვედრას, ღონისძიებას, სიახლეს და აქტივობას, რომელიც გენდერულ თანასწორობას, ქალთა აქტივობას უკავშირდება.