"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი სამხედრო მეთაური, აბუ ომარ ალ-შიშანი მძიმედ დაიჭრა, მაგრამ არ დაღუპულა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ობსერვატორიის დირექტორის, რამი აბდულრაჰმანის განცხადებით, ის მძიმედ დაიჭრა და სამკურნალოდ "ისლამური სახელმწიფოს" ბაზაზე, რაქაში გადაიყვანეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებლად აგროვებს და REUTERS არ ჰქონდა საშუალება აღნიშნული ინფორმაცია გადაემოწმებინა.
თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ აბუ ომარ ალ-შიშანი პარასკევს სირიის ქალაქ ალ-შადადთან განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს შესაძლოა მოკლეს.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების სამიზნეს "ისლამური სახელმწიფოს"ერთ-ერთი ლიდერი წარმოადგენდა.