სახელმწიფო კანცელარიაში ადასტურებენ, რომ მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის გუბერნატორებმა თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება გუბერნატორებმა საკუთარი სურვილით მიიღეს და სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებები თავად დაწერეს.
როგორც გვითხრეს, პრემიერმა გუბერნატორების გათავისუფლების თხოვნა უკვე დააკმაყოფილა.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობის დატოვება ამ დღეებში მოუწევთ კახეთისა და გურიის გუბერნატორებს, რომლებიც სახლში საკუთარი სურვილით წასულების მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილთან ასოცირდებიან.
აღნიშნულ ინფორმაციას "გურია ნიუსთან" საუბარში არ ადასტურებს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე:
_ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თანამდებობას ვტოვებ, არაა მართალი, _ გვითხრა სალუქვაძემ.
_ კანცელარიაში გვითხრეს, რომ მცხეთა–მთიანეთის და შიდა ქართლის გუბერნატორებმა საკუთარი სურვილით დატოვეს თანამდებობა. თქვენც ხომ არ აპირებთ თქვენი სურვილით წასვლას?
_ ეს არაა ჩემი გადასაწყვეტი. მე თავად არ მაქვს სხვა გეგმები.
_ თქვენი გეგმა გუბერნატორის პოსტის შენარჩუნებაა?
_ ჩემი გეგმაა დაწყებული პროექტების რეალიზაცია, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას გია სალუქვაძემ.