დავით უსუფაშვილი სამართალდამცველებს მოუწოდებს, რომ პრობლემა აღიქვან როგორც ტერორიზმი და საქმის გასახსნელად გამოიყენონ მეთოდები, რომლებსაც იყენებენ ტერორისტული აქტების გამოძიების დროს.
"მივმართავ პროკურატურის, პოლიციის და უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელებს, თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს და ვაღიაროთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკური თუ სხვა საშუალებებით და გამოძიების ტრადიციული მეთოდიკით ვერ ვუმკლავდებით ამ საშინელ პრობლემას. ამიტომ გთავაზობთ, მიმართოთ საგანგებო ზომებს და ამგვარი შემთხვევები განიხილოთ, როგორც მთელი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული მორალური ტერორის აქტები. შესაბამისად, დანაშაულსაც ვებრძოლოთ ისე, როგორც ებრძვიან ტერორიზმს:
ა) ტექნიკური დახმარებისთვის მიმართეთ საერთაშორისო ანტიტერორისტულ ქსელებს. შეუძლებელია ჩვენს შემთხვევაში საქმე გვქონდეს იმ დონის ინტერნეტ-კონსპირატორებთან, რომ აღნიშნულმა სპეციალისტებმა ვერ დაადგინონ მასალების წარმოშობის და გავრცელების ადგილი და სხვა დეტალები.
ბ) დააწესეთ მილიონი ლარი და კონსპირაციულობის დაცვის სრული გარანტია იმ პირებისთვის, ვინც გამოძიებას დამნაშავემდე მიიყვანს. საქართველოს პარლამენტი მზად იქნება სერიოზული წვლილი შეიტანოს შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების მოძიებაში", – აცხადებს უსუფაშვილი.