გასული კვირის ბოლოს, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის გუბერნატორებმა თანამდებობები დატოვეს, როგორც სახელმწიფო კანცელარიაში გვითხრეს, საკუთარი სურვილით.
მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება გუბერნატორებმა საკუთარი სურვილით მიიღეს და სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებები თავად დაწერეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობის დატოვება ამ დღეებში მოუწევთ კახეთისა და გურიის გუბერნატორებს, რომლებიც სახლში საკუთარი სურვილით წასულების მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილთან ასოცირდებიან.
აღნიშნულ ინფორმაციას "გურია ნიუსთან" საუბარში არ ადასტურებს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე:
_ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თანამდებობას ვტოვებ, არაა მართალი, _ გვითხრა სალუქვაძემ.
_ კანცელარიაში გვითხრეს, რომ მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის გუბერნატორებმა საკუთარი სურვილით დატოვეს თანამდებობა. თქვენც ხომ არ აპირებთ „თქვენი სურვილით“ წასვლას?
_ ეს არაა ჩემი გადასაწყვეტი. მე თავად არ მაქვს სხვა გეგმები.
_ თქვენი გეგმა გუბერნატორის პოსტის შენარჩუნებაა?
_ ჩემი გეგმაა დაწყებული პროექტების რეალიზაცია, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას გია სალუქვაძემ.
მიუხედავად გუბერნატორის გეგმებისა, „გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, გია სალუქვაძის გათავისუფლება გადაწყვეტილია და გურიის გუბერნატორის სავარძლის დასაკავებლად ბრძოლა უკვე და დაწყებულია.
როგორც გვითხრეს, სალუქვაძის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი ამ საკითხზე მოლაპარაკებებსაც კი მართავს და გურიის გუბერნატორის სავარძლის დაკავებას მისი „მეგობარი სოსოს“ _ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის დახმარებით გეგმავს.
ჩვენი წყაროს თქმით, ამ საკითხზე მეგობრებს შორის მოლაპარაკებები უკვე შედგა და ერქომაიშვილის დახასიათებაც სუს-ში მზადდება.
ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს სოსო ერქომაიშვილი, რომლის თქმით, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა:
_ თქვენი წყარო ცდება. მე არ ვიბრძვი გუბერნატორობისთვის. ვმუშაობ ჩვეული რიტმით და მიმართულებით. არ მიმუშავია მაგ საკითხთზე და არც ვაპირებ.
_ სოსო გოგაშვილი, რომელთანაც ახლო მეგობრობის შესახებ თქვენ ჩვენ გადაცემაშიც ისაუბრეთ, არ გეხმარებათ რომ გურიის გუბერნატორი გახდეთ?
_ არა. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და რანაირად უნდა მეხმარებოდეს ვინმე?!
ერქომაიშვილი ამბობს, რომ გუბერნატორობის ამბიცია არ აქვს და აკეთებს იმ საქმეს, რომელიც გურიას და ქვეყნას სჭირდება.
_ ბატონო სოსო, როგორც გვითხრეს, რამდენიმე დღის წინ გქონდათ თქვენს მეგობართან შეხვედრა და ამ საკითხზე კონსულტაციებიც კი გაიარეთ…
_ არა. არ მინახავს ჩემი მეგობარი დიდი ხანია.
_ ორი გუბერნატორს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ აქტიურად მიდის საუბრები, რომ სალუქვაძეც დატოვებს თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუკი ასე მოხდება თქვენ რას იზამთ _ მასთან ერთად დატოვებთ თანამდებობას?
_ კაცი არის გუბერნიაში, მუშაობს ენერგიულად და აქედან გამომდინარე, რა გითხრათ?!
_ მხოლოდ ის, რას იზამთ სალუქვაძის წასვლის შემთხვევაში…
_ გავაგრძელებ დაკავებულ პოზიციაზე მუშაობას.
ერქომაიშვილის მსგავსად, აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს სოსო გოგაშვილიც, რომლის კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ნინო გიორგობიანმა მოგვაწოდა:
_ სოსო გოგაშვილი საკადრო გადაწყვეტილებებში არ ერევა. გუბერნატორებს ხსნის და ნიშნავს პრემიერი მინისტრი და შესაბამისად, მისი ჩართულობა ამ საქმეში გამორიცხულია, _ გვითხრა გიორგობიანმა.