თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით მორიგი სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.
"თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულ ზაზა ს.-ს მიმართ. მას ბრალად ედება სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება სხეულის თვითდაზიანებით, ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, აგრეთვე განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.
მოცემულ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მიზნით ჩატარდა 5 სხდომა და შეირჩა 12 ძირითადი და 2 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომები საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ისტორიულ სხდომის დარბაზში ტარდება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულებმა დადეს ფიცი და შეირჩა უფროსი ნაფიცი მსაჯული. სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ნაფიცი მსაჯულების წინაშე შესავალი სიტყვები წარმოადგინეს. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება", _ აღნიშნულია თბიისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.