"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მეთაური, აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაშია. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის ხელმძღვანელის, რამი აბდელ რაჰმანის განცხადებით, შიშანს დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია და აპარატზეა შეერთებული.
როგორც ცნობილია, აბუ ომარ ალ-შიშანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიის ქალაქ ალ-შადიდთან ოთხ მარტს განხორციელებული იერიშის დროს დაშავდა.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებდა, მათ შიშანი იერიშის დროს შესაძლოა მოკლეს, თუმცა მოგვიანებით, სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მეთაური იერიშის დროს მძიმედ დაიჭრა და რაქაში მკურნალობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს "ისლამური სახელმწიფოს" მეთაურზე 5 მილიონი დოლარი ჯილდო ჰქონდა დაწესებული.