"გურია ნიუსის" ინფორმაციით პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ბრალდებით კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ჯემალ ჯამალაშვილი დააკავეს.
მისი აყვანა წუხელ ღამით მოხდა და როგორც გვითხრეს, დაკავებულის სახლიდან სამართალდამცველებმა კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები ამოიღეს.
ჯემალ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის ვასილ ჯამალაშვილის მამაა. ვასილ ჯამალაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს კუდ-ის თანამშრომელი იყო.
მან შექმნა ის ვირუსული პროგრამა, რისი საშუალებითაცშესაძლებელი იყო ნებისმიერ პერსონალურ კომპიუტერში შეღწევა, ინფორმაციის მიღება და სატელეფონო საუბრების ჩაწერა.
პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ჯამალაშვილის შექმნილი ვირუსის საშუალებით შეძლო წინა ხელისუფლებამ იმდროინდელი ოპოზიციონერების სატელეფონო საუბრების ჩაწერა, რომელიც მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა.
ჯემალ ჯამალაშვილის დაკავებაზე ინფორმაციას არ ფლობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.
მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. "გურია ნიუსი" დეტალების გადამოწმებას ამ წუთებში ცდილობს და უახლოეს ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.