"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მერი, ლევან ურუშაძე ოზურგეთში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე კომერციული დანიშნულების ობიექტის მოწყობას აპირებს. ამასთან დაკავშირებით მან ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს უკვე მიმართა.
"ბატონო ბეგლარ, მოგეხსენებათ, რომ დაკავებული ვარ ბიზნეს საქმიანობით და სურვილი მაქვს, რომ ქალაქ ოზურგეთში დ. აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართი 47კვ.მ-ზე მოვაწყო კომერციული დანიშნულების ობიექტი.
გთხოვთ განიხილოთ ჩემი წინადადება და ზემოთ აღნიშნული ნაკვეთი გადმომცეთ პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით 30 წლის ვადით", _ ნათქვამია წერილში.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ურუშაძისთვის მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის წინააღმდეგი აღმოჩნდნენ; თუმცა, საბოლოოდ, დეპუტატების უმრავლესობამ ეს საკითხი ლევან ურუშაძის სასარგებლოდ მიიღო.