დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, "რესპუბლიკურმა პარტიამ" კოალიცია დატოვოს.
ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "რუსთავი2"-ს პარლამენტარმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თემურ ჭკუასელმა შემდეგი სახის განცხადება გააკეთა.
"არის ასეთი გურული გამოთქმა _ მარცხი ელანძეა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ყველამ კარგად იცის ,„რესპუბლიკური პარტია", მიუხედავად იმისა, რომ მათი ინტელექტუალური დონე პოლიტიკაში ძალიან მაღალია და გამოცდილი პოლიტიკოსები არიან, საზოგადოების დიდი ნაწილს მაინცდამაინც არ უნდა, რომ იყვნენ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების არენაზე. თუმცა, მე მათ ვურჩევდი დარჩენას."- თქვა თემურ ჭკუასელმა.
„რესპუბლიკელები არ აპირებენ კოალიციის და თანამდებობების დატოვებას", _ აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
"რესპუბლიკელები არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას. საკითხი ეხება მხოლოდ მომავალ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმატს და ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი," _ წერია უსუფაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.