"ჩემს მეგობრებს, მხარდამჭერებს და თანამოაზრეებს მსურს ერთი მოსაზრება გაგიზიაროთ და ერთ შეკითხვაზე მოკლე პასუხის გაცემა გთხოვოთ.
ვფიქრობ, რომ ჩვენ ქართველები, ჩვენი ქვეყანა გულგრილები ვერ დავრჩებით და არ უნდა დავრჩეთ მთიან ყარაბახში კონფლიქტის კვლავ გაღვივების მცდელობის მიმართ.
ვფიქრობ, რომ რეგიონში ჩვენი ისტორიული როლისა და ადგილის გათვალისწინებით ჩვენ დღეს გაგვაჩნია გაცილებით მეტი პოლიტიკური და ადამიანური რესურსი, ვიდრე ოდესმე, რათა აქტიურად დავაფიქსიროთ ჩვენი სწრაფვა კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად და ამისთვის გადავდგათ გაბედული ნაბიჯები." _ ასეთი სახის სტატუსს საქართველოს პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლების შტოებმა, უმაღლეს დონეზე უპირველესად უნდა გამოსცენ პოლიტიკური დეკლარაციები რეგიონში ცეცხლის უპირობო შეწყვეტის და პროცესების დაუყონებლივ მშვიდობიან კალაპოტში გადაყვანის მოწოდებით და ამავდროულად აქტიურად, ყველა ჩვენს ხელთ არსებული პოლიტიკური და დიპლომატიური რესურსით ჩავერთოთ ერთმანეთთან დაპირისპირებულ საქართველოს მეგობარ სახელმწიფოთა შორის არსებული მწვავე დაძაბულობის განმუხტვაში და ვიკისროთ მედიატორის ფუნქცია. მიმაჩნია, რომ ამით ჩვენ შევძლებთ რეალური წვლილის შეტანას არსებული კონფლიქტის დეესაკალაციის საქმეში.
ვფიქრობ, რომ ამასვე ელიან ჩვენგან ჩვენი პარტნიორები და მეგობრები, როგორც ევროკავშირში, ასევე ევროატლანტიკურ სივრცეში, როგორც მათი ყველაზე რეალური პარტნიორისგან და დასაყრდენი ქვეყნისგან კავკასიაში.
რაც უმთავრესია, მშვიდობა კავკასიაში ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს შორის ყველაზე პრიორიტეტული ფასეულობაა და მის დასამკვიდრებლად მოქმედებაა საჭირო და დღეს გულზე ხელდაწყობილები არ უნდა ვისხდეთ. ნაპერწკლიდან შეიძლება კვლავ დიდი ცეცხლი გაჩაღდეს.
ჩემი შეკითხვა ასეთია: ფიქრობთ თუ არა, რომ ამ გამწვავებულ ვითარებაში ჩვენ, საქართველომ უნდა შევთავაზოთ დაპირისპირებულ მხარეებს მედიატორის როლი?"