წინასაარჩევნო პერიოდში, ახალი მოწვევის პარლამენტის არჩევამდე, ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის დღის წესრიგში, შესაძლოა მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხი დადგეს.
ასეთი რამ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუკი მთავრობის სულ მცირე შვიდი წევრი მინისტრთა კაბინეტიდან საარჩევნო სიაში გადაინაცვლებს – მათ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის გამო მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მოუწევთ, რადგან მინისტრობა პარლამენტრის წევრობის კანდიდატის სტატუსთან შეუთავსებელია და გადადგომას იწვევს. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლა, პარლამენტის წინაშე მთავრობისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხს აყენებს.
საარჩევნო კანონმდებლობა იმ თანამდებობათა ჩამონათვალს ადგენს, რომელიც პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსთან შეუთავსებელია. "საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები:
საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; უშიშროების საბჭოს წევრები (გარდა პარლამენტის წევრებისა); ეროვნული ბანკის საბჭოს და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრები; გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები; გუბერნატორები და მათი მოადგილეები; საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, ქალაქის მერი; შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; მოსამართლეები; სახალხო დამცველი და მისი მოადგილე; პრეზიდენტის მრჩევლები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები; პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები. "საარჩევნო კოდექსის" გათვალისწინებით, აღნიშნული თანამდებობებიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ სამართლებრივი აქტი საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს უარი ეთქმება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა – რეგისტრაცია უქმდება.
ამასთან, პარლამენტში უკვე ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგომა პრემიერ-მინისტრს აღარ მოეთხოვება. აღნიშნული ცვლილებების მოტივად დასახელებულია ის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერ-მინისტრის სავალდებულო გადადგომა მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას გამოიწვევს. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება კი, რომელიც შესაძლოა 2 თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, მმართველი გუნდის წევრების შეფასებით, "კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობის სახელმწიფოებრივ ინტერესს არანაირად არ შეესაბამება".
ამავე თემაზე:
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, პრემიერს თანამდებობიდან გადადგომის ვალდებულება აღარ ექნება