მთიან ყარაბაღში განვითარებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებები ვრცელდება ქვეყნის პოზიციასთან დაკავშირებით. პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არ ერიდებიან საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას- რუსეთი ოკუპანტია, ის ამ კონფლიქტში თავის სამხედრო მოკავშირეს სომხეთს ეხმარება, აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი ენერგეტიკული პარტნიორია, ამიტომ ჩვენმა სახელმწიფომ ერთმნიშვნელოვნად აზერბაიჯანის მხარე უნდა დაიჭიროს და გაგზავნოს იქ სამხედრო დანაყოფები. მსგავსი მოწოდება ტელეკომპანია რუსთავი2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალური ქსელის საშუალებითაც კი გაავრცელა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი, პარტია "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატები რუსლან პოღოსიანი და ალი მამედოვი საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების მოქალაქეს მაქსიმალური თავშეკავებისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. მათ დღეს მიმართვაც გაავრცელეს, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამენ ყარაბაღში შექმნილი საომარი ვითარების გამო, რაც განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო დღეებში.
"მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით, ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ისეთი ხასიათის ქმედებებისგან და მოწოდებებისგან, რომელმაც შეიძლება დააზარალოს საქართველოს ტერიტორიაზე ამ ორი ეთნიკური ჯგუფის მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალკულტურული სიმდიდრითა და კეთილმეზობლური ურთიერთობებით და საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია, ხელი შეუწყოს ამ ტრადიციების შენარჩუნებას."-ნათქვამია დეპუტატების სახელით გავრცელებულ განცხადებაში.