2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.
მისი თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს ხვალ გადაეგზავნება.
ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება.
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. როგორც კი არჩევნების დანიშვნის თაობაზე ბრძანებას მოეწერება ხელი, ამოქმედდება აკრძალვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.
ამასთან, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა, დაიწყება ის ძირითადი ღონისძიებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს და კანდიდატებს უკავშირდება.