ცნობილი გახდა რომ კოლუმბიაში, ამაზონის ცენტრალურ ჯუნგლებში, ეგრეთწოდებული "არაკონტაქტური" ინდიელები ბინადრობენ. მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც მათ საძებრად წავიდა, ინდიელთა ტომები ტროპიკულ ტყეში, მდინარეების – კაკუტასა და პატუამაიოს შორის, რიო-პურის ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
მეცნიერებმა პარკის ტერიტორია თვითმფრინავიდან დაათვალიერეს. თავდაპირველად მათ ხეებს შორის პალმისგან აგებული ინდიელთა ქოხი შეამჩნიეს და რამდენიმე ფოტოც გადაუღეს, გადიდებულ ფოტოზე კი აღმოაჩინეს, რომ ქოხებთან ცისკენ თვალაპყრობილი ინდიელი ქალები და ბავშვები იდგნენ, რომლებსაც "სამოსი" მხოლოდ თეძოზე ჰქონდათ შემოხვეული, სხეულის ზედა ნაწილები და სახე კი საღებავებით ჰქონდათ მოხატული.
მეორე დღეს მეცნიერებმა კიდევ ოთხი ასეთივე ქოხი აღმოაჩინეს. ისინი ადგილობრივი ორი ტომის – იურისა და პასეს ხალხს ეკუთვნის, რომლებიც შეიძლება, უკანასკნელნიც კი იყვნენ კოლუმბიური ამაზონის ჯუნგლებში.
აქამდე ინდიელთა ადგილსამყოფელი უცნობი რჩებოდა. მეცნიერთა აზრით, ხელისუფლებამ ახლა უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს ინდიელთა დასაცავად მათგან, ვისაც მათთვის ვნების მიყენება შეუძლია. თავისდაუნებურად, ეს ტომები "გარემოს ბუნებრივი დამცველები არიან, რადგან სჯერათ, რომ ტყის დაზიანება ან სხვა ტომების განადგურება ცუდ შედეგს გამოიღებს, რომლის გამოსწორება შეუძლებელი იქნება".