დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, დღის წესრიგის გაცნობამდე, ახალი პროექტის "ეფექტიანი მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მექანიზმების" პრეზენტაცია შედგა, რომელიც გურიის ახალგაზრდულმა რესურცენტრმა საკრებულოსთან პარტნიორობით შექმნა.
პირდაპირი ჩართვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელთან (ბახვი, ლიხაური, თხინვალი, მელექედური, კონჭკათი) გახორციელდა, თუმცა უმეტესად კავშირი ხარვეზებით წარიმართა. ბახვის მცხოვრებლებმა სოფელში გაზის გაყვანა და წყალსადენის მოწესრიგება მოითხოვეს, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ უპასუხა, რომ სოფლის გაზიფიცირება საკრებულოს კომპეტენციაში არ შედის. ისე კი, არსებული ინფორმაციით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში 2017 წლისთვის ეს პროცესი უნდა დასრულდეს. რაც შეეხება წყალსადენს, აუცილებლად გაკეთდება ისე, როგორც მოსახლეობას სურს, _ თქვა მან.
ონლაინ კავშირი საკმაო ტექნიკური ხარვეზებით შედგა, თუმცა პროექტის ავტორებმა განაცხადეს, რომ ყველა წუნი მომდევნო სხდომისთვის აღმოფხვრილი იქნება.